„ჩვენ ეს უკვე მოგვბეზრდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომლის მიზანია სოციალური მედიის გიგანტების იურიდიული იმუნიტეტის შეზღუდვა.
ამის მიზეზი თეთრი სახლის ლიდერის 26 მაისის ორი პოსტი გახდა, რომელშიც ტრამპი ელექტრონული ფოსტით ხმის მიცემის წესის შემოღებას დაუშვებლად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მსგავსი რეგულაციების შემოღება ხმების მასობრივ ფალსიფიკაციას შეუწყობდა ხელს.
დონალდ ტრამპი ტვიტერს შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც მის ამ პოსტებზე გადამოწმების გაფრთხილების ნიშანი გაჩნდა, რომელიც ინფორმაციის არასარწმუნოობაზე მიუთითებდა.
„როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ“, – დაიმუქრა პრეზიდენტი ტრამპი და სოციალური ქსელი ტვიტერი წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულა.
There is NO WAY (ZERO!) that Mail-In Ballots will be anything less than substantially fraudulent. Mail boxes will be robbed, ballots will be forged & even illegally printed out & fraudulently signed. The Governor of California is sending Ballots to millions of people, anyone…..
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 26, 2020
ტრამპმა მუქარა მალევე შეასრულა – 28 მაისს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანებულება, რომელიც სოციალური მედიის გიგანტების შეუზღუდავი თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.
ბრძანებულებაში საუბარია 1996 წლის კომუნიკაციების შესახებ კანონის 230-ე მუხლზე, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმებს ფართო თავისუფლებას ანიჭებს მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებულ კონტენტთან დაკავშირებით და მათ სამართლებრივი დევნისგან იცავს.
ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის კომპანიებს, როგორიცაა: ფეისბუქი და ტვიტერი, უნდა გაუუქმდეთ კანონით მინიჭებული იურიდიული იმუნიტეტი, თუკი თავიანთ პლატფორმებზე მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებული პოსტების მოდერაციას მოახდენენ. ტრამპი ამტკიცებს, რომ მის ტვიტერზე ფაქტების შემოწმება კომპანიის „რედაქტორულ გადაწყვეტილებებს“ ნიშნავს და ეს პოლიტიკური აქტივიზმის მსგავსი ქმედებაა.
ტრამპის ბრძანებულება მოუწოდებს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს და კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას, დაიწყონ კანონის ამ მუხლის მოქმედების გადახედვის პროცესი. აგრეთვე, ის პასუხისმგებლობას ანიჭებს ვაჭრობის ფედერალურ კომისიას, განიხილოს საჩივრები სოციალური ქსელების პოლიტიკური მიკერძოებულობის თაობაზე და გამოავლინოს შემთხვევები, როდესაც კონტენტის მოდერაცია მათ ნეიტრალიტეტს არღვევს.
ტრამპის მომხრეები მიიჩნევენ, რომ 1996 წელს მიღებული კანონის 230-ე მუხლი ერთდროულად მიჯნავს ასეთ კომპანიებს სამართლებრივი დევნისგან და აძლევს მათ უფლებას, დაუსჯელად მოახდინონ კონტენტის მოდერაცია.
დონალდ ტრამპის და გავლენიანი პრესის ღია დაპირისპირება ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიწყო და და არც მისი გაპრეზიდენტების დროს შენელებულა. ტრამპი CNN-ს, „ვაშინგტონ პოსტსა“ და სხვა გამოცემებს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და მათ „ფეიკ-წყაროების“ უწოდებს.
ამიტომ ამერიკის პრეზიდენტმა მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის ტვიტერი აირჩია და მისი ზეაქტიური მომხმარებელი გახდა. ახლა იგი ტვიტერსაც შემოსწყრა და ახლად ხელმოწერილი ბრძანებით შეეცდება სოცქსელებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ.
„ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ დავიცვათ თავისუფალი სიტყვა ერთ-ერთი უდიდესი საფრთხისგან“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანებულის ხელმოწერისას. მისივე თქმით, აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი დააკვირდება აღნიშნულ კანონმდებლობას სოციალური მედიის კომპანიების რეგულირებისთვის.
Twitter-ი ტრამპის ამ გადაწყვეტილებას არადემოკრატიულს და პოლიტიზებულს უწოდებს. Facebook-მაც განაცხადა, რომ ისწრაფვის სიტყვის თავისუფლებისკენ და საკუთარი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მომტანი, მათ შორის, მათი სამოქალაქო უფლებების განხორციელების ხელშემშლელი კონტენტისგან დასაცავად. სოციალური ქსელის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ 230-ე მუხლის გაუქმებას ან შეზღუდვას უკუეფექტი ექნება.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები – მალე გამოჩნდება, ვის უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ამერიკის პრეზიდენტს თუ სოციალური მედიის გიგანტებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები