23 მაისი: იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასულ ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 ადამიანი კი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით. ჯამში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 32 735-ს აღწევს, ხოლო ინფიცირების შემთხვევების – 229 327-ს, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით. ასეთი მონაცემები წარმოადგინა 23 მაისს, საღამოს იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა. ამის შესახებ Ansa წერს.
გაიზარდა ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი ლომბარდიაში – გასულ 24 საათში 441 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა (პარასკევს – 293), აქედან 88 – მილანის პროვინციაში, მათ შორის, 40 – საკუთრივ ქალაქ მილანში.
სამაგიეროდ ინტენსიური თერაპიის პაციენტთა რიცხვი ამჟამად ლომბარდიაში უკვე 200-ზე ნაკლებია (199), 8-ით შემცირდა გუშინდელთან შედარებით. ამ მაჩვენებელს რეგიონის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ჯულიო გალერამ „სიმბოლური“ უწოდა. მძიმე ავადმყოფთა ასეთი მცირე რაოდენობა რეანიმაციაში ლომბარდიაში 4 მარტის შემდეგ არ ყოფილა. რეგიონში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 15840-ია, გასულ ერთ დღეში კიდევ 56 ადამიანი დაიღუპა კოვიდ-19-ით.
იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსული ინფექციის მქონე 57 752 პაციენტია, 1570-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. მათგან ვირუსის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულია 8 957 პაციენტი (ეს მაჩვენებელი ერთ დღეში კიდევ 262-ით შემცირდა), ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 572 მძიმე პაციენტია მოთავსებული (23-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ), დანარჩენი კი სახლშია თვითიზოლაციში უსიმპტომოდ ან მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით.
მთლიანობაში 138 840 ადამიანი გამოჯანმრთელდა ინფექციისგან, გასულ ერთ დღეში ეს მაჩვენებელი 2120-ით გაიზარდა.
სიცილიაში დღეს პირველად მოხდა, რომ ჩატარებული 2500 ტესტიდან ყველა უარყოფითია და ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები