მოგზაურობაეკონომიკაიტალია

3 ივნისიდან იხსნება იტალიის ყველა აეროპორტი, აგრეთვე, უფიცის გალერეაც

რომი უკვე უსაფრთხოა - რომის მერი პოტენციურ ტურისტებს დედაქალაქში ეპატიჟება

იტალიის ყველა აეროპორტი საერთაშორისო რეისების მიღებას 3 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პაოლა დე მიკელემ განაცხადა.

„აეროპორტების გახსნა 3 ივნისიდან იქნება შესაძლებელი, როცა რეგიონული და საერთაშორისო ავიაგადაზიდვები აღდგება“, – აღნიშნა მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 3 ივნისიდან საზღვრები გახსნას ტურისტების მისაღებად, ჯერჯერობით მხოლოდ შენგენის ზონიდან, შვეიცარიიდან და მონაკოდან.

რომის მერმა ვირჯინია რაჯიმ ხუთშაბათს, 21 მაისს განაცხადა, რომ ქალაქში უკვე საფრთხე აღარ არსებობს, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს დ მოუწოდა პოტენციურ ტურისტებს, არ გადადონ იტალიაში მოგზაურობა.

3 ივნისიდან გაიხსნება უფიცის გალერეაც ფლორენციაში, ამის შესახებ მუზეუმის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებს განუცხადა. მუზეუმის წარმომადგენლის თქმით, დაცული იქნება სანიტარიული უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, სოციალური დისტანცია.

მეორე ფაზის გეგმის მიხედვით, პირველად იტალიაში მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და გალერეები ღია ცის ქვეშ, შემდეგ – მცირე მუზეუმები და ბოლოს – უდიდესი მუზეუმები (მათ შორის, უფიცის გალერეა).

ტურისტების არარსებობის გამო კორონავირუსის ეპიდემიის დროს იტალიური კომპანიების მიერ დაკარგული შემოსავლების მთლიანი მოცულობა 20 მილიარდ ევროს შეადგენს, – ასე შეაფასეს ტურიზმის დანაკარგები 21 მაისს ეროვნული ბიზნესასოციაცია Coldiretti-ს ექსპერტებმა.

მათი თქმით, ძირითადი დაზარალებულები არიან სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი და ვაჭრობის სფეროს ობიექტები. 

ამასთან, 21 მაისს პარლამენტში გამოსვლისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოუწოდა თანამემამულეებს, შვებულება იტალიაში გაატარონ. მისი თქმით, ამით იტალიელები არა მარტო ქვეყნის ტურისტულ სექტორს აღმოუჩენენ დახმარებას, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, არამედ, აგრეთვე, თავადაც უკეთ გაეცნობიან იტალიის სიმდიდრეებს.

პრემიერმა შეახსენა თანამემამულეებს, რომ სახელმწიფო 150-იდან 500 ევრომდე გადაუხდის იმ მოქალაქეებს, რომელთა წლიური ოჯახური შემოსავალი 35 ათას ევროზე ნაკლებია, თუ ისინი შვებულებას იტალიაში გაატარებენ. კონტემ პირობა დადო, რომ მთავრობა დამატებით კიდევ ახალ ზომებსაც მიიღებს ტურისტული დარგის მხარდასაჭერად, უკვე დამტკიცებული ზომების გარდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close