კორონავირუსის მიმართ მყარი იმუნიტეტის ფორმირებაში D ვიტამინი მონაწილეობს – კვლევა
მეცნიერები ფიქრობენ, რომ კორონავირუსული ინფექციის მიმართ მყარი იმუნიტეტის ფორმირებაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, D ვიტამინიც მონაწილეობს. აქამდე ცნობილი იყო, რომ D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის ასათვისებლად სჭირდება.
ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი დონე ესპანეთში, იტალიასა და შვეიცარიაში ვიტამინი D-ს ნაკლებობის ბრალია. ამის შესახებ სამეცნიერო პორტალი ZME Science-ი წერს. აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს ევროკავშირში COVID-19-ით გარდაცვალების მონაცემები ვიტამინ D-ს შემცველობასთან მიმართებით. აღმოჩნდა, რომ ესპანეთში, იტალიასა და შვეიცარიაში ასაკოვან ადამიანებს ვიტამინ D-ს ყველაზე დაბალი შემცველობა აქვთ. სწორედ ამ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი ერთ მილიონ მცხოვრებზე გაანგარიშებით.
ამ სიტუაციაში მედიკოსები გვირჩევენ, მზის აბაზანები მივიღოთ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომების დაცვით. თუ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში გასვლის საშუალება არ გაქვთ, მზის აბაზანების მიღება შესაძლებელია აივანზე ან ღია ფანჯარასთანაც (რადგან მინა ულტრაიისფერ სხივებს არ ატარებს). ახლა მზიანი დღეებია და ორგანიზმს მეტი შესაძლებლობა აქვს, D ვიტამინი გამოიმუშაოს. ამას გარდა, თქვენს რაციონში ჩართეთ D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: სოკო, ზღვის თევზი, საქონლის ღვიძლი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები, ღორის ნეკნები, ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი და სხვ.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები