იტალიაში გასულ 24 საათში 99 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით
4 რეგიონში კი ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
უმბრია, ბაზილიკატა, სარდინია და კალაბრია – ეს იტალიის ის 4 რეგიონია, სადაც გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მთლიანობაში კი იტალიაში, ჩატარებული ტესტირებების შედეგად, გასულ ერთ დღეში ინფიცირების 451 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 225 886-ს შეადგენს. ახალი მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობაც მინიმალურია 7 მარტის შემდეგ – 99 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით (მათგან 24 – ლომბარდიაში), სულ კი იტალიაში მსხვერპლთა რიცხვი 32007-ს აღწევს.
ამ დროისთვის ქვეყანაში 66 553 აქტიური პაციენტია კორონავირუსული ინფექციით, 1798-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. მათგან 10 207 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია საავადმყოფოებში სიმპტომებით (-104), 55597 – სახლშია თვითიზოლაციაში (-1681) უსიმპტომოდ ან მსუბუქი კლინიკური ნიშნებით.
გასულ ერთ დღეში კიდევ 2150 ადამიანს დაუდასტურდა გამოჯანმრთელება და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 127 326-მდე გაიზარდა.
749 მძიმე პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშია მოთავსებული, 13-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით (მათგან 252 ლომბარდიაშია, 3-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ).
დღეს, 18 მაისს ბერგამოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა – დილით თვითმფრინავი ჩამოფრინდა სოფიიდან (ბულგარეთი). ბერგამოს აეროპორტში სანიტარიული კონტოლის მკაცრი ზომები მოქმედებს. როგორც ცნობილია, ლომბარდიის ეს ქალაქი, რომელიც მილანიდან 40 კმ-ითაა დაშორებული, იტალიაში ეპიდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო.
ორშაბათიდან, 18 მაისიდან კუნძულ სარდინიაზე ყველა პლაჟის გახსნა შესაძლებელია – შესაბამისი დადგენილება რეგიონის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. განახლდა ავიაკავშირი იტალიის სხვა რეგიონებთან, თუმცა სარდინიაში იტალიის სხვა რეგიონებიდან ზღვით თუ თვითმფრინავით ჩასულ ყველა მგზავრს (მათ შორის, მათაც, რომლებიც კუნძულის მკვიდრნი არიან), 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
სარდინიის ადმინისტრაციამ, სადაც იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება, აგრეთვე, განმარტა, რომ თუ სიტუაცია გაუარესდება, გაუქმებული შეზღუდვები ისევ აღდგება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები