იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსისგან კიდევ 153 ადამიანი გარდაიცვალა – ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი ლოქდაუნის დაწყებიდან

კაზერტაში ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი „წითელ ზონად“ გამოცხადდა

დღეს იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა – 153 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა გასულ 24 საათში და ამ დროისთვის მსხვერპლთა საერთო რიცხვი 31763-ს აღწევს.

153 – ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 8 მარტის (133) შემდეგ; 9 მარტიდან სულ უფრო და უფრო იზრდებოდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი და პიკს მიაღწია 27 მარტს, როდესაც 24 საათის განმავლობაში 969 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით. ამის შესახებ „ლა რეპუბლიკა“ წერს სამოქალაქო დაცვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში 122 810-მა ადამიანმა დაამარცხა ახალი კორონავირუსი – ეს მაჩვენებელი გასულ ერთ დღეში 2605-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბოლო კვირებში სტაბილურად იზრდება, საშუალოდ, დღეში 2000-ით.

გამოვლინდა ინფიცირების 875 ახალი შემთხვევა (საგულისხმოა, რომ 24 საათში 69000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, 1000-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს) და მთლიანობაში შემთხვევების რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 224 760-ს მიაღწია.

გუშინდელთან შედარებით 1883-ით ნაკლებია ე. წ. აქტიური პაციენტი, რომელთა რაოდენობა 70 187-ს უდრის. მათგან სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულია 10 400 ადამიანი, რეანიმაციაშია 775 მძიმე პაციენტი (33-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ), დანარჩენი 59012 სახლშია თვითიზოლაციაში, უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით.

18 მაისიდან, როგორც ცნობილია, იხსნება გადაადგილების შეზღუდვა იტალიის რეგიონის ფარგლებში და სახლიდან გამოსასვლელად ადამიანებს ავტოსერტიფიკატი აღარ დასჭირდებათ. რაც შეეხება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რეგიონიდან რეგიონში თავისუფალ გადაადგილებას, ეს უკვე 3 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „წითელ ზონად“ გამოცხადდა კაზერტის (კამპანია) ერთი-ერთი კომუნა – ლეტინო, სადაც კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა.

კამპანიის რეგიონის გუბერნატორის, ვინჩენცო დე ლუკას განკარგულებით, რეგიონის საგანგებო სიტუაციის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოაქცია კარანტინში ლეტინოს კომუნა.

საქმე ისაა, რომ კაზერტის პროვინციის ზედა ნაწილში მდებარე ამ პატარა დასახლებაში, სადაც 600 ადამიანი ცხოვრობს, 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მანამდე, რამდენიმე დღის წინ 3 შემთხვევა გამოვლინდა.

13-ვე პაციენტი უსიმპტომოა. „წითელი ზონა“ 20 მაისამდე იმოქმედებს. ლეტინოს ყველა მცხოვრებს სეროლოგიური ტესტი ჩაუტარდება ინფექციის შესაძლო გავრცელების ჩანასახშივე აღსაკვეთად. კაზერტის პროვინციაში, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომების წყალობით, შესანიშნავი შედეგებია მიღწეული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close