ეკონომიკაიტალია

იმიგრანტების ლეგალიზაციის ინიციატორმა იტალიელმა მინისტრმა მათზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

პრესკონფერეციის მსვლელობისას, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მიერ დიდი ხნის ნანატრი „გადატვირთვის დეკრეტის“ მიღებას მიეძღვნა, არალეგალურად მომუშავე მიგრანტების, მათ შორის, „ბადანტეებისა“ და შინადამხმარეების საკითხზე საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრი ტერეზა ბელანოვა ცრემლებამდე აღელდა. იგი საუბრობდა ნორმაზე, რომლითაც დაბეჯითებით მოითხოვდა არალეგალურად მომუშავე მიგრანტების ლეგალიზაციას. ამის შესახებ „ანსა“ წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.

„თუ ჩემს ისტორიას, ჩემს ცხოვრებას გავიაზრებ, – განაცხადა ქალბატონმა მინისტრმა, – ეს არაჩვეულებრივი შედეგია ჩემთვის. ეს იყო ხანგრძლივი, დამღლელი და ემოციურად დატვირთული დღეები. ამიერიდან „უჩინრები“ ნაკლებად „უჩინრები“ გახდებიან. სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე იაფი მუშახელის დამქირავებელი (იტ. caporale)“.

ნახეთ მინისტრის პრესკონფერენციის ემოციური კადრები:

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, სწორედ ტერეზა ბელანოვას ეკუთვნის არალეგალურად მომუშავე იმიგრანტების რეგულარიზაციის ინიციატივა, რომელსაც მთავრობამ 13 მაისს მხარი დუჭირა და რომელიც პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა. ბელანოვას თქმით, უამრავი („მილიონობით“) ადამიანია ქვეყანაში არალეგალურად, მუშაობენ, მაგრამ „უჩინრები“ არიან და მათი ღირსება და უფლებები ილახება. რეალურად, ნორმა, რომელიც მაისის დეკრეტში შევიდა, ათასობით ადამიანს საშუალებას მისცემს, ლეგალურ „სივრცეში“ გადავიდნენ 4-6 თვით, ლეგალურად იმუშაონ და თავისუფლება და ღირსება აღიდგინონ.

ზოგიერთი ორგანიზაცია ამ ვადას და გადასახადს (400 ევრო) არ ეთანხმება და მთავრობას აკრიტიკებს: ისინი ამბობენ, რომ 6 თვე ცოტაა და ამ ადამიანებს მინიმუმ ერთი წლით მაინც უნდა მიეცეთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის საშუალება. რაც შეეხება ოპოზიციურ მემარჯვენე პარტიებს, ისინი ამ ე. წ. ამნისტიის (sanatoria) წინააღმდეგ გამოდიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close