ეკონომიკაიტალია

იტალიის ხელისუფლება უცხოეთის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბრობს

იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა პაოლა დე მიკელიმ დღეს უცხოურ მედიასთან განაცხადა, რომ იტალიის მიერ სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის განახლება იმაზე იქნება დამოკიდებული, ეპიდემიის რამდენად მწვავე ფაზაშია ესა თუ ის ქვეყანა.

„ვფიქრობ, რომ იტალიას არ ექნება ავიაკავშირი იმ ქვეყნებთან, რომლებიც პანდემიის მწვავე ფაზაში არიან. ის ქვეყნები კი, სადაც ეპიდემიოლოგიური კრიზისი უკან იხევს, ისევ დაუკავშირდებიან იტალიას ავიარეისებით“, – განაცხადა მან უცხოური მედიისთვის გამართული ონლაინ კონფერენციის დროს.

„ასეთ შემთხვევაში ყველა ადამიანისთვის, რომელიც თვითმფრინავით ჩამოფრინდება იტალიაში, სანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნებთ მითითებებს ინფექციის თავიდან ასაცილებლად – აეროპორტში დაშვების შემდეგ მგზავრმა უნდა გაიზომოს ტემპერატურა, მთელი პასუხისმგებლობით უნდა შეავსოს, როგორ გაატარა ეს პერიოდი თავის ქვეყანაში ანუ ჰქონდა თუ არა სახიფათო კონტაქტები. მაშინ ჩვენ მოვთხოვთ ამ მგზავრს ცნობებს, თუ რომელ ადგილებში აპირებს წასვლას, რათა კრიტიკულ სიტუაციაში მისი პოვნის მინიმალური შესაძლებლობა გვქონდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელი რჩება ნიღბის ტარება თვითმფრინავის ბორტზე, ხოლო აეროპორტებში გაგრძელდება სანიტარიული შემოწმებები იტალიიდან გაფრენის დროს.

ამას გარდა, დე მიკელიმ განაცხადა, რომ ტურისტებს, რომლებიც მომავალში იტალიაში ჩაფრინდებიან, სავალდებულო კარანტინში არ მოათავსებენ, ხოლო საკუთარ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იქნება თუ არა სავალდებული მათთვის კარანტინი, ეს მათი ქვეყნის ხელისუფლების პრეროგატივაა.

ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებზე საუბრისას იტალიის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიის მიმდინარეობის ამჟამინდელი სურათი შენარჩუნდება, იტალიის რეგიონებს შორის გადაადგილების აღდგენას შესაძლოა უკვე ივნისის დასაწყისიდან ველოდოთ, რის შემდეგაც უკვე გაკეთდება შეფასებები იტალიის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის საკითხზე.

დაახლოებით ერთი საათის წინ სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ გამოცხადებული ახალი ოფიციალური მონაცემების თანახმად, იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 219 814-ს მიაღწია (გასულ 24 საათში ინფიცირების 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა), გარდაცვლილია 30 739 ადამიანი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით, რაც 179-ით მეტია გუშინდელთან შედარებით. კრიტიკულად მძიმე პაციენტთა რაოდენობა ისევ შემცირდა და 999-ს შეადგენს; გამოჯანმრთელდა 106 587 პაციენტი, რაც ინფიცირების მთლიანი მაჩვენებლის თითქმის 48,5%-ია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close