იტალიასაზოგადოება

18 მაისიდან იტალიაში საპარიკმახეროები, მაღაზიები, ბარები და რესტორნები იხსნება

კორონავირუსის ეპიდემიის 11 მაისის სტატისტიკა

11 მაისს საღამოს იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ გამოცხადებული ახალი ოფიციალური მონაცემების თანახმად, იტალიაში გასულ 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად ინფიცირების 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (რაც თითქმის ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია) და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 219 814-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით იტალია ახლა უკვე მე-5 ადგილზეა აშშ-ის (1379452), ესპანეთის (268143), დიდი ბრიტანეთის (223 060) და რუსეთის (221 344) შემდეგ.

გარდაცვლილია 30 739 ადამიანი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით, 179-ით მეტი გუშინდელთან შედარებით. კრიტიკულად მძიმე პაციენტთა რაოდენობა კიდევ 28-ით შემცირდა და 999-ს აღწევს, რაც 10 მარტის შემდეგ ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (ლომბარდიაში – 341, 7-ით ნაკლები წინა დღესთან შედარებით); გამოჯანმრთელდა 106 587 პაციენტი, რაც ინფიცირების მთლიანი მაჩვენებლის თითქმის 48,5%-ს შეადგენს. გასულ ერთ დღეში კიდევ 1401 პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა.

ამჟამად იტალიაში 82 488 ადამიანია ვირუსის მატარებელი, 836-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. ეს მაჩვენებელი უკვე 2 კვირაა, სტაბილურად მცირდება.

გასული ერთი დღის განმავლობაში ვენეტოს (ვენეცია) რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა, განაცხადა 11 მაისს, ორშაბათს რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ძაიამ. მისი თქმით, რეგიონის ხელისუფლება დაბეჯითებით მოითხოვს, რომ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სახის შეზღუდვა რეგიონში რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას.

ამ კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს, მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე, რეგიონები მიიღებენ ინსტრუქციას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, 18 მაისიდან საცალო ვაჭრობის მაღაზიების, ბარების და რესტორნების, კოსმეტიკური სალონების და საპარიკმახეროების მუშაობა განაახლონ. როგორც მთავრობისა და რეგიონების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საქმიანობის თითოეული ტიპისთვის გაწერილი იქნება სათანადო უსაფრთხოების პროტოკოლი. ამის შესახებ „ანსა“ წერს. 

რეგიონებს ავტონომიურად შეუძლიათ განაახლონ შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ მთავრობას უფლება აქვს, დროულად ჩაერიოს, თუ ინფიცირების გრაფიკული მრუდის მაჩვენებლები უარესობისკენ შეიცვლება და საჭირო გახდება ვირუსის გავრცელების დაბლოკვა.რაც შეეხება რეგიონებს შორის საზღვრების გახსნას და მიმოსვლის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით რეგიონების მთავრობებს შორის ჯერჯერობით ერთიანი ხედვა არ არსებობს, თუმცა ესეც მთავრობის და რეგიონების შეთანხმების საკითხია.

საპარიკმახეროები, ბარები და რესტორნები ორშაბათს, 11 მაისს უკვე გაიხსნა იტალიის სამხრეთ ტიროლის რეგიონში, რეგიონის მთავრობის მიერ გასულ კვირაში დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის თანახმად. სალონები პირველ კლიენტებს იღებენ გაზრდილი სამუშაო დღის რეჟიმში – ისინი 7-იდან 21 საათამდე მუშაობენ, რათა ადამიანებს თავიანთი რიგის ლოდინი დიდხანს არ მოუხდეთ. რეგიონის დირექტივების შესაბამისად, პარიკმახერებს Ffp2 ტიპის ნიღბები უკეთიათ, კლიენტებისთვის კი ნებისმიერი სახის ნიღაბი დასაშვებია.

საკვების გატანების რეჟიმში მუშაობის შემდეგ ბარები და რესტორნები მაგიდების მომსახურებასაც დაიწყებენ იმ პირობით, რომ მაგიდებს შორის მინიმალური დაშორება 2 მეტრი უნდა იყოს. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა ნიღბები. რეგიონის კანონმა გახსნის უფლება მისცა მუზეუმებსაც, თუმცა ორშაბათი, ტრადიციულად, მუზეუმების დასვენების დღეა და 11 მაისს სამხრეთ ტიროლში მუზეუმები არ გახსნილა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close