ლანჩხუთში მომხდარი ორმაგი მკვლელობა – ახალი დეტალები ნიგვზიანიდან
ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით ირკვევა, რომ დაახლოებით 65 წლის გ. კ.-მ ველოსიპედით მიმავალ გვერდით მცხოვრებ მეზობელს, თავისი ასაკის თ. ფ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარი ფაქტიდან ცოტა ხანში მან საკუთარ ეზოში, ნალიის ქვეშ იმავე სანადირო თოფიდან გასროლით თავი მოიკლა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მსგავსი ქმედების მიზეზი.
ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ირაკლი გუჯაბიძის თქმით, მათ შორის არსებული კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენია.
„არავის არაფერი გვსმენია მათ შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე, მეზობლები იყვნენ, ერთი ღობე ჰყოფდათ. რა მოხდა, არავინ იცის“, – ამბობს სოფლის რწმუნებული.
კონკრეტულ მიზეზს ვერც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ასახელებს, რომელიც სოფელ ნიგვზიანის მკვიდრია.
„შოკში ვარ იმით, რა უბედურებაც დატრიალდა სოფელ ნიგვზიანში, აფხაზავების უბანში. ველოსიპედით მომავალ მეზობელს მიჯრით ორჯერ ესროლა და ადგილზე მოკლა. შემდეგ წავიდა სახლში და ნალიის ქვეშ თავი მოიკლა. მეზობლები არიან, 65 წლის ხალხი, ბავშვობიდან ერთად გაზრდილები. ალბათ, რაღაც იყო მიზეზი, რასაც გამოძიება დაადგენს. მთელი სოფელი შეძრწუნებულია, კარგი მეგობრები იყვნენ და ეს უბედურება მოხდა“, – განაცხადა ბესიკ ტაბიძემ.
gurianews.com
კომენტარები