11 წლის გოგონას ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა
ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც უბედური შემთხვევა მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა. დაშავებული 11 წლის გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაყავდათ, თუმცა მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე სასწრაფო დამარების მანქანაში გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 11 წლის გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, ნია ბახუტაშვილია.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და თავად ჩაბარდა პოლიციას.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის, ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, თუმცა ბავშვის გარდაცვალების გამო, სავარაუდოდ, მძღოლს ბრალი დაუმძიმდება.
კომენტარები