საზოგადოებასაქართველო

COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს ბოჭორიშვილის კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ, 29 აპრილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა პაციენტს, რომელიც კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით სამი კვირაა მკურნალობს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, პაციენტს ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) ბოქსირებულ სექტორში ცალკე განთავსებულ საოპერაციოში გაუკეთეს. ექიმის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს შეტევითი ხასიათის ტკივილები ნაღვლის ბუშტში კენჭების გამო ორი დღის წინ დაეწყო, კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

„მოგეხსენებათ ორმხრივი პნევმონია, ჰიპერკოაგულაცია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან – ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის“, – აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა. მისი განმარტებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოპერაციის შემდეგ უკვე წამოაყენეს კიდეც.

მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13-ის მდგომარეობაა საყურადღებოა, ერთი – ინტენსიურ მკურნალობას გადის. პაციენტებს შორის 10 არასრულწლოვანია.

გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 517-დან 539-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.

დადასტურებული შემთხვევებიდან ​178 გამოჯანმრთელებულია, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close