ადამიანებისგან მიტოვებულ პლაჟებზე უიშვიათესი გიგანტური კუები გამოჩნდნენ
მთელი მსოფლიოს პლაჟებზე ადამიანები გაქრნენ. აღარსადაა მათ მიერ დატოვებული ნაგავიც. ამასობაში იქ ბრუნდება ზღვის ერთი მოწყვლადი არსება, რომელიც ადამიანებამდე მილიონობით წლით ადრეც არსებობდა.
The Independent-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, ფლორიდისა და ტაილანდის ზოგიერთ პლაჟზე დააფიქსირეს უიშვიათესი ტყავიანი კუები, რომლებიც იქ უკვე ათწლეულებია აღარავის უნახავს.
ექსპერტთა განცხადებით, ამ უიშვიათესი კუების გამოჩენა ახლო კავშირშია პლაჟების გაუდაბნოებასთან, რაც კორონავირუსის პანდემიას მოჰყვა.
ფლორიდაში, ჯუნოს პლაჟზე, 16-კილომეტრიან მონაკვეთზე ამ კუების 76 ბუდე აღმოაჩინეს.
ტაილანდელი გარემოსდამცველების ცნობით კი, ტურისტებისგან ცარიელ პლაჟებზე ტყავიანი კუს უდიდესი რაოდენობა ფიქსირდება პირველად ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
ტყავიანი კუ მსოფლიოში უდიდესი ზღვის კუა. მისი სხეულის სიგრძე 2 მეტრია, მასა კი – 600 კგილოგრამამდე. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს (IUCN) ის მოწყვლად სახეობათა სიაში ჰყავს შეყვანილი.
კვერცხებს ისინი ბნელ და წყნარ ადგილებში დებენ, გაურბიან ადამიანებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ქვიშაში მათ ბუდეებს თხრიან და კვერცხებს პარავენ.
1tv.ge
კომენტარები