პოლიტიკასაქართველო

„ლუი ვიტონი“ და „გუჩი“, „ლოვა“ და „ჰაიქსი“ – ვინ შემოსავს ქართული ჯარს

საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სამხედრო ფორმა შესაძლოა იმ კომპანიამ შეკეროს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი „ლუი ვიტონისა“ და „გუჩისთვის“ მუშაობს, მანამდე კი ჯარი ბრენდების – „ლოვასა“ და „ჰაიქსის“ ფეხსაცმლით შეიმოსება.

„უახლოეს 2 თვეში ჩვენს სამხედროებს ეცმებათ იმ ფირმის ფეხსაცმელები, რომლებიც, მაგალითად, გერმანიის ჯარს აცვია. საუბარია ისეთი ბრენდების ფეხსაცმელებზე, როგორიცაა „ლოვა“ და „ჰაიქსი“. გარდა ამისა, ჩვენს ჯარისკაცებს ექნებათ ნატოს ქვეყნების სტანდარტის ფორმები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „postv“-ს ეთერში სტუმრობისას.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ არჩია ჯარის ეკიპირებისთვის ქართული წარმოების ტექსტილს უცხოური ბრენდების ნაწარმი.

„კიდევ ერთი კომპანია გამოიკვეთა, რომელთანაც უნდა ვითანამშრომლოთ. ცნობილ ბრენდებს უკერავდა, როგორიცაა „ლუი ვიტონი“, „გუჩი“. შეიძლება ჩვენ ამ კომპანიასთან გავაფორმოთ სტრატეგიული ხელშეკრულება. მიდის მოლაპარაკებები. მანამდე გვქონდა სურვილი, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარებულიყო, მაგრამ ადგილზე, სამწუხაროდ, ვერ მომაწოდეს იმ ხარისხის ფორმები, როგორიც ჩვენ გვინდოდა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ღარიბაშვილმა თავდაცვის სისტემაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც დააანონსა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და აღჭურვა თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა. ვგულისხმობ 250 ობიექტის სრულ რეაბილიტაციას, ბაზების კეთილმოწყობას და ყველა შენობის რეაბილიტაციას ნატოს სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

პროექტები, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონი ლარია, 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close