ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბოდიში მოუხადა იტალიას, რომ ქვეყანას ევროკავშირმა კორონავირუსთან ბრძოლაში თავიდანვე დახმარება არ გაუწია. მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე მოამზადა პროექტი იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.
უსულა ფონ დერ ლაიენის წერილი 2 აპრილს La Repubblica-ში გამოქვეყნდა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ კრიზისის დასაწყისში, ერთობლივი ევროპული პასუხის აუცილებლობის მიუხედავად, მეტისმეტად ბევრი მხოლოდ საკუთარ ეროვნულ პრობლემებზე ფიქრობდა“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, 100 მილიარდი ევრო გამოიყოფა კორონავირუსის ეპიდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად. ამ სახსრებით იგეგმება მოსახლეობის დაკარგული შემოსავლების კომპენსირება. ამას გარდა, ევროკომისიის მეთაურის თქმით, ევროკავშირმა უკვე მიაღწია, რომ მოხდება გარანტირებული კრედიტებით მათი უზრუნველყოფა, ვისაც კორონავირუსული პანდემიის გადალახვისას პრობლემები შეექმნება.
„გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს ვიღებთ, წლების განმავლობაში დარჩება ხსოვნაში. ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ ხვალინდელ ევროპას“, – დაწერეთ თქვენს გუშინდელ წერილში. სავსებით გეთანხმებით – 2020 წელი გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის ისტორიაში, – აღნიშნა საპასუხო წერილში იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. – ყველა ინსტიტუციური სუბიექტი მოწოდებული იქნება პასუხი აგოს, მათ შორის, შთამომავლობის წინაშე, თავისი პოზიციისა და ქმედებების გამო. თუ გამბედაობა გვეყოფა, თუ მომავალს შევხედავთ სოლიდარობის თვალით და არა ეგოიზმის ფილტრით, მხოლოდ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ გავიხსენოთ 2020 წელი არა, როგორც ევროპული ოცნების დამარცხება, არამედ, როგორც მისი აღორძინება“.
ნინო ხოშტარია
კომენტარები