ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და იტალიამ ჩინეთს გაუსწრეს. აშშ-ში ამ დროისთვის (28.03.2020, 01:30 თბილისის დროით) COVID-19-ით დაავადების 100 390 შემთხვევაა დაფიქსირებული (გარდაიცვალა 1543); იტალიაში – 86 498; ჩინეთში კი სულ დაავადდა 81 897 ადამიანი და მათი 91%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3296 (ანუ 4%); ამჟამად ჩინეთში COVID-19-ით დაავადებულ 3460 პაციენტს მკურნალობენ.
გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე იტალიაა – 9134 (10,56%), მეორე ადგილზე – ესპანეთი 4934 გარდაცვლილით (7,7%); ესპანეთში ინფიცირების 64039 შემთხვევა ფიქსირდება და ამ მაჩვენებლით ის მეოთხეა ჩინეთის შემდეგ.
ინფიცირების 49 344 შემთხვევით მეხუთე ადგილზეა გერმანია, სადაც გარდაცვალების 338 შემთხვევა ფიქსირდება (0,68%) ანუ სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი სეზონურ გრიპზე (1%) დაბალია. შესაძლებელია ეს იმის გამო იყოს, რომ გერმანიაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტები შედარებით ახალგაზრდები არიან, აგრეთვე, გერმანიის სამედიცინო სისტემა უფრო მომზადებული შეხვდა ეპიდემიას; სწრაფად იზრდება გერმანიაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც – ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი 6658-ია.
მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი ირანში – 2378 (8,6%), ინფიცირებულია 32 332 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 11 133 (30%-ზე მეტი).
30 000-ს მიუახლოვდა ინფიცირებულთა რაოდენობა საფრნგეთში, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 2000-მდეა.
ინფიცირების 966 შემთხვევაა დაფიქსირებული საბერძნეთში, სადაც ამ დროისთვის 28 გარდაცვლილია.
სწრაფად გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი ჩვენს მეზობელ თურქეთში, სადაც ამ დროისთვის 5698 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 92 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 42.
სომხეთში 329 ინფიცირებულია, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში 165 შემთხვევაა, 3 ადამიანი გარდაიცვალა.
რუსეთში 1036 შემთხვევა და 4 გარდაცვლილია.
მთელ პლანეტაზე ინფიცირების 587 958 შემთხვევაა დაფიქსირებული, 26 909 ადამიანი გარდაიცვალა და 132 440 გამოჯანმრთელდა.
ვირუსმა მსოფლიოს 176 ქვეყანაში შეაღწია.
ამ დროისთვის საქართველოში Sars-CoV2-ით ინფიცირების 83 შემთხვევაა დაფიქსირებული, 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები