დღეს, საღამოს 9 საათზე ბერძნები აივნებზე გამოვლენ და აპლოდისმენტებით მიესალმებიან კორონავირუსთან მებრძოლ მედიცინის მუშაკებს
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერნეტის მეშვეობით ხდება აპლოდისმენტების ფლეშმობის ორგანიზება საბერძნეთში მათთვის პატივის მისაგებად და მადლიერების გამოსახატავად, ვინც კორონავირუსის გამო ყოველდღიურად თავდაუზოგავად იბრძვის ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად.
გუშინ საღამოს ესპანეთის მაცხოვრებლები გამოვიდნენ თავიანთ აივნებზე და დიდი მადლობის ნიშნად ტაშს უკრავდნენ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს.
ეს შესანიშნავი წამოწყება ბერძნებმაც აიტაცეს და სოციალური მედიის შესაბამისი მოწოდების თანახმად, დაახლოებით ერთ საათში, ათენის დროით 21:00 საათზე მთელი საბერძნეთი ტაშით მიესალმება ექიმებს, ექთნებს… ყველას, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის…
„ჩვენ აივნებზე გამოვდივართ და ხუთი წუთის განმავლობაში მივესალმებით აპლოდისმენტებით იმ ხალხს, ვინც ჩვენთვის იბრძვის, დაე, ჩვენი ტაში ყველა საავადმყოფოს და ყველა ჯანდაცვის პუნქტში ისმოდეს, რათა მათ გამბედაობა შევმატოთ მომდევნო დღეებისთვის! და არა მხოლოდ მათ… ყველა იმ ადამიანს, ვინც ამჟამად ჩვენთვის იბრძვის!“
საბერძნეთში ხართ? – მოგიწოდებთ, თქვენც შეუერთდეთ ამ აქციას. ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ გამხნევებას და მადლიერებას ჩვენგან, რადგან ყველაზე ღირებულის – ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად!
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები