საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული, მე-13 პაციენტს ვირუსი გუშინ გამოუვლინდა. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა.
„კორონავირუსით დაინფიცირებული მე-13 პაციენტი ახალგაზრდა ქალია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვს დაავადების მსუბუქი ფორმა. აღენიშნება ტემპერატურის მომატება 37.3 გრადუსზე და მცირე ხველა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მივიდა. „ბოლო პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა იტალიაში დაინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფორმაცია, რომ მათ პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში დაადასტურეს. როგორც ცნობილია, საჩხერის საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
პაციენტი საჩხერიდან არის და საზღვარგარეთ არ ყოფილა.
საავადმყოფოს დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ს შეადგენს და არ გაზრდილა. შესაბამისად, სავარაუდოდ, საჩხერეში მოთავსებული პაციენტი წინა დღეებში დასახელებულ შემთხვევათაგან ერთ-ერთია.
საჩხერის საავადმყოფოში ამ დროისთვის ახალ კორონავირუსზე კიდევ ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან. ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი საღამოს იქნება ცნობილი.
საავადმყოფოს დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტი ჭიათურის მცხოვრებია. ის საზღვარგარეთ არ ყოფილა, თუმცა კონტაქტი ჰქონდა უცხოეთის მოქალაქეებთან და სიმპტომების გამო გახდა საჭირო მისი შემოწმება კორონავირუსზე.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან.
„ანალიზებს ინფიცირებულებს სულ ვუღებთ, ყოველ სამ დღეში. ჯერჯერობით ვირუსი არსად გამქრალა და არც იყო მოსალოდნელი. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება იწყება ორი კვირის შემდეგ. მათ ორი კვირა ჯერ არ გასვლიათ. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მასთან ერთად შემოვიდა ინფიცირებული მეორე მამაკაცი. კორონავირუსის დანარჩენი 11 შემთხვევა იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ან მათთან კონტაქტში მყოფ პირებს უკავშირდება.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები