კორონავირუსი საბერძნეთში – 14 ახალი შემთხვევა, სულ 45 ინფიცირებული
პროფესორი ციოდრასი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსით მიმდინარე წელს საბერძნეთის მოსახლეობის 5-10% დაინფიცირდება
საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფექციური დაავადებების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, პროფესორმა სოტირის ციოდრასმა დღეს ნაშუადღეს განაცხადა. მთლიანობაში ამ დროისთვის საბერძნეთში ახალი ვირუსით ინფიცირების 45 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ lifo.gr წერს.
11 ახალი პაციენტი იმავე ტურისტული ჯგუფის წევრია, რომელიც წმინდა მიწაზე იმყოფებოდა (შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის კიდევ 23 წევრის ინფიცირების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი), დანარჩენ 3-ს კი ინფიცირებულებთან ჰქონდა ახლო კონტაქტი მათი საბერძნეთში ჩამოსვლის შემდეგ (ტურისტული ჯგუფი საბერძნეთში 27 თებერვალს დაბრუნდა).
პროფესორ ციოდრასის თქმით, ყველა ინფიცირებულის შემთხვევაში დაავადება მსუბუქი კლინიკური ნიშნებით ვლინდება, მხოლოდ ერთ, 66 წლის მამაკაცის შემთხვევაშია შედარებით რთული მდგომარეობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ბერძენთა კიდევ 51-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა წმინდა მიწაზე და იანინაში (ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთი) ახლახან დაბრუნდა, სადაც ისინი კარანტინში მოათავსეს პრევენციის მიზნით.
პროფესორმა ციოდრასმა გუშინ განაცხადა, რომ საბერძნეთში ახალი კორონავირუსის გავრცელება მოსალოდნელია, ისევე როგორც მთელ ევროპაში. ინფექციური დაავადებების ევროპული ცენტრის კლასიფიკაციის თანახმად, ვირუსის გავრცელების 5 ფაზა გამოიყოფა. „საბერძნეთის ტერიტორია ჯერჯერობით პირველ ფაზაშია, როდესაც მე-2-ზე გადავალთ, გაცილებით მეტი ყურადღება გვმართებს…“, – აცხადებს იგი.
ციოდრასის ვარაუდით, გამოვლენილ 45 შემთხვევაზე გაცილებით მეტია ინფიცირებული, რადგან „ვირუსი ჩვენ ცხვირწინ ვრცელდება“. პროფესორი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს ბერძენთა 5%-იდან 10%-მდე დაინფიცირდება COVID-19-ით.
იგი განმარტავს, რომ თავისი ქცევით ახალი კორონავირუსი გრიპია.
„ის, რაც მოხდა დასავლეთ საბერძნეთში, მოხდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და ისეთივე ზომებს მივიღებთ… აზრი არ აქვს მოგზაურობების შეზღუდვას. საჭიროა ჰიგიენის ზომების გაძლიერება და გაგრძელება“.
პროფესორ ციოდრასის თქმით, დაზარალებულ პრეფექტურებში – ახაიაში, ილიასა და ზაკინთოსში საგანგებო ზომები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამ რაიონებში ყოველგვარი დაგეგმილი ექსკურსია გაუქმებულია.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები