კორონავირუსი: იტალიაში 4 ბავშვი დაინფიცირდა, მათ შორის, 4 წლის გოგონა
საქართველოში კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია, რა მდგომარეობაა მსოფლიოს ქვეყნებში?
იტალიაში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 374 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორისაა 4 მცირეწლოვანი, 4-ივე ლომბარდიის რეგიონში. მრჩეველმა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში ჯულიო გალერამ ამის შესახებ LA7-ის ეთერში განაცხადა. იფიცირებულია 4 წლის გოგონა, რომელიც დღეს დილით სან მატეოს საავადმყოფოში მოათავსეს პავიაში, ორი 10 წლის ბავშვი და ერთი – 15 წლის ბიჭი. გალერამ დასძინა, რომ „ვირუსი უფრო ხანდაზმულ ადამიანებს აზიანებს, რომლებსაც მანამდეც ჰქონდათ სხვადასხვა პათოლოგია“.
დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსის გამო ემილია-რომანიაში – 70 წლის მამაკაცი ლომბარდიიდან, რომელსაც მანამდე ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, კიდევ 11 გარდაცვლილიდან ყველაზე ახალგაზრდა იყო 62 წლის მამაკაცი, რომელიც დიალიზზე იმყოფებოდა, დანარჩენი პაციენტები ხანდაზმულები იყვნენ (78-იდან 88 წლამდე).
პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ყველას ერთიანობისა და დაპირისპირებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ყველა, ვინც გასული 2 კვირის პერიოდში ვირუსის აქტიურობის კერებში იმყოფებოდა – ლომბარდიის 10 მუნიციპალიტეტში და Vo ‘Euganeo-ში (პადუის პროვინცია, ვენეტოს რეგიონი), ვალდებულია ASL-ს დაუკავშირდეს – ამ სამსახურის პასუხისმგებლობაა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება და შინაიზოლაცია ნდობის საფუძველზე – „ანსას“ ინფორმაციით, სწორედ ამ ღონისძიებას ითვალისწინებს მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც მუშავდება, რათა ინფიცირების ზონის გარეთ მდებარე რეგიონებში მოხდეს ქცევის სტანდარტიზაცია და ვირუსი არ გავრცელდეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სიცილიაზე, პალერმოში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები ტურისტული ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც სიცილიაზე ჩრდილოეთ იტალიიდან, ლომბარდიიდან ჩავიდნენ შვებულების გასატარებლად.
წუხელ საფრანგეთში, პარიზის საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსის გამო – 60 წლის ფრანგი მამაკაცი, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს; დაახლოებით 2 კვირის წინ საფრანგეთში 80 წლის ჩინელი ტურისტი ქალი დაიღუპა, შესაბამისად, ქვეყანაში 2 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა. გამოვლინდა ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა და ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 17-ს აღწევს.
ბრაზილია – პირველი შემთხვევა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე
ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბრაზილიაში – ინფიცირება დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც 21 თებერვალს დაბრუნდა სან პაულუში იტალიაში გატარებული შვებულებიდან.
ბრაზილიური ყოველდღიური გამოცემა Folha de S. Paulo-ს ცნობით, ავიაკომპანიას, რომლის თვითმფრინავითაც მამაკაცმა იმგზავრა, იმ მგზავრების სიის წარდგენა სთხოვეს, რომლებმაც ინფიცირებულთან ერთად იმგზავრეს.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, აგრეთვე, პირველი შემთხვევა დადასტურდა – დადებითი აღმოჩნდა 24 წლის მამაკაცის ტესტის პასუხი კორონავირუსზე, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა.
კუნძულ ტენერიფეზე (კანარის არქიპელაგი, ესპანეთი) იტალიელი ექიმი და მისი ცოლი, ორივე პიაჩენციდან, კორონავირუსით ინფიცირებულები აღმოჩნდნენ; ამ დროისთვის მათ გარდა კიდევ 2 ბრიტანელ დამსვენებელს აღმოაჩნდა ახალი ვირუსი – ისინი საავადმყოფოში მოთავსეს, 1000 ადამიანი კი, რომლებიც იმავე სასტუმროში (H10 Costa Adejie Palace) იმყოფებოდნენ, კარანტინში მოათავსეს.
ინდოეთი
ინდოეთმა გამოაცხადა, რომ 14-დღიან კარანტინში მოათავსებს იტალიიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ან იმ ადამიანებს, რომლებიც 10 თებერვლის შემდეგ იტალიაში იმყოფებოდნენ.
ალჟირი – მეორე შემთხვევა აფრიკაში
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ალჟირში – იტალიელი მამაკაცი 17 თებერვალს ჩავიდა ამ ქვეყანაში და ახლა პასტერის ინსტიტუტშია მოთავსებული. ზოგადად, ეს მეორე შემთხვევაა აფრიკის კონტინენტზე. პირველი შემთხვევა ეგვიპტეში დაფიქსირდა.
ირანი
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვი 19-ია. ინფიცირებულია 139 ადამიანი, მათ შორის, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
თურქეთი
თურქეთ-ირანის საზღვრის რაიონში რამდენიმე საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ დღეს განაცხადა სააგენტო ANADOLU-სთან ინტერვიუში.
მინისტრის თქმით,ქვეყნის შიგნით არ შეუშვებენ და ამ ჰოსპიტალებში 14 დღის განმავლობაში გააჩერებენ ყველა პირს, რომლებიც ირანის ქალაქებში – ყუმსა და მეშჰედში იმყოფებოდნენ. კარანტინში მოთავსდებიან ისინიც, ვინც ამ პირებთან კონტაქტში იმყოფებოდა. მინისტრმა დასძინა, რომ ამ მომენტისთვის თურქეთში არ დაფიქსირებულა ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა.
რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს: როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, „თურქიშ ეარლაინის“ თეირანი-სტამბოლის რეისის 132 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გუშინ კარანტინში მოთავსეს ბორტზე მყოფი 17 მგზავრის სხეულის მომატებული ტემპერატურის გამო. მოგვიანებით თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათგან არცერთს ახალი ტიპის კორონვირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა.
ჩინეთი
ჩინეთში გასულ დღე-ღამეში 52 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო 3 კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მთლიანობაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 2715-ს აღწევს.
კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იტალიასთან მიმართებაში ამ ეტაპისთვის დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა იტალიელი მგზავრი მოწმდება, როგორც ადგილზე იტალიაში, ისე ჩვენი სპეციალისტების მიერაც და საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რა დახმარებასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 13 პაციენტია მოთავსებული, მათგან სამი ირანის, ერთი ჩინეთის, ხოლო დანარჩენი 9 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც ქვეყანაში მილანის რეისით ჩამოვიდნენ.
ეზუგბაიას განმარტებით, ჩატარებული კვლევებით ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ყველა პაციენტში პნევმონია გამოირიცხა და, სავარაუდოდ, მათ კორონავირუსი არ აქვთ, თუმცა ლუგარის ლაბორატორიის პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა არც ა და არც ბე ტიპის გრიპის ვირუსი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები