კორონავირუსისგან დასაცავად საქართველოში პრევენციული ზომები მკაცრდება, ირანის შემდეგ ფრენები შესაძლოა იტალიის მიმართულებითაც შეიზღუდოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, „პირველი არხი“ იუწყება.
საზღვარზე სპეციალურ შემოწმებას გაივლის ყველა ის მგზავრი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში ან იტალიაში იმყოფებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ჩამონათვალს მალე მაღალი რისკის მქონე სხვა ქვეყნებიც დაემატოს. ამ მომენტისთვის საქართველოში პანდემიური მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ უარყოფენ, რომ ახლა ქვეყანას ყველაზე დიდი საფრთხე ირანიდან ემუქრება, რის გამოც ავიამიმოსვლის გარდა სხვა შეზღუდვების ამოქმედებაც განიხილება.
ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან ირანში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა რიცხვი უკვე 15-ია. ინფიცირებულია 95 პაციენტი, მათ შორის – ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ამ დროისთვის, საქართველოში 5 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი – ირანის. საქართველოს მოქალაქეები იტალიასა და ირანში იმყოფებოდნენ და ტემპერატურის მატება ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ აღენიშნათ. ქუთაისში მილანიდან ჩამოფრენილ მგზავრს, რომელიც სიცხის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ლუგარის ლაბორატორიის ანალიზის პასუხის თანახმად, ახალგაზრდა ქალს A ტიპის გრიპი – H1N1 აღმოაჩნდა.
რაც შეეხება იტალიაში არსებულ მდგომარეობას: დღეს დილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის შემთხვევებმა 270-ს მიაღწია. ლომბარდიაში 206 შემთხვევაა რეგისტრირებული, მაშინ როდესაც ჩატარებულია 1800-მდე ტესტი. 6 ადამიანი გარდაიცვალა. ვენეტოში ვირუსით ინფიცირების 38 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გარდაიცვალა. იტალიაში კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 7-ს აღწევს. ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის 62 წლის მამაკაცია, რომელიც დიალიზზე იყო და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა, ყველაზე ხანდაზმული კი – 88 წლის.
კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთში – კერძოდ, სიცილიის დედაქალაქ პალერმოში. ინფიცირებულია ბერგამოელი (ლომბრდია) ქალი, რომელიც პალერმოში შვებულების გასატარებლად იმყოფებოდა. იგი გრიპის ნიშნებით სერველოს საავადმყოფოში მოათავსეს და მისი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. იზოლირებულები არიან ტურისტული ჯგუფის წევრები, რომლებიც ინფიცირებულ ქალთან ერთად ჩავიდნენ სიცილიაზე და ის ადამიანები, რომლებსაც მათთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ. მათი ტესტების პასუხებს ელოდებიან.
ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა კუნძულ ტენერიფეზე (კანარის კუნძულები, ესპანეთი) ტურისტად მყოფ იტალიელ ექიმს, რომელიც იტალიის ჩრდილოეთ რეგიონიდანაა. იგი საავადმყოფოში მოთავსეს იზოლირებულ პალატაში. მისი ცოლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ ფაქტის გახმოვანების შემდეგ 1000 ადამიანი, რომლებიც ქალაქ ადეხეს იმავე სასტუმროში (H10 Costa Adejie Palace) იმყოფებოდნენ, კარანტინში მოათავსეს.
დღეს დილით პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე რეგიონების გუბერნატორებს შეხვდა ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომების შესამუშავებლად.
ავსტრიაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა – 2 პაციენტის ტესტმა ახალი ტიპის ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ორივე შემთხვევა ავსტრიის დასავლეთში, ტიროლის ფედერალურ მიწაზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო იუწყება მიწის გუბერნატორის, გიუნტერ პლატერის განცხადებაზე დაყრდნობით. ორივე პაციენტმა თავად მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას მაღალი სიცხის გამო. წინასწარი მონაცემებით, ერთი მათგანი ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიაში იმყოფებოდა. მედიის ცნობით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
ჩინეთი
რაც შეეხება ჩინეთში არსებულ სიტუაციას: ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 77 ადამიანი გარდაიცვალა (მთლიანობაში ჩინეთში გარდაცვლილია 2663 ადამიანი), რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2 კვირის განმავლობაში. დაფიქსირდა ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა.
ჰუბეის პროვინციის გარდა, სადაც ვირუსის ეპიცენტრია, ჩინეთის დანარჩენ ნაწილში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების მხოლოდ 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, ჩინეთი აცხადებს, რომ ეფექტიანი ვაქცინა შექმნილია და ეპიდემიას მალე დაამარცხებს.
ვირუსის გავრცელების მხრივ შეშფოთებას იწვევს სიტუაცია სამხრეთ კორეაში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებულთა მთლიანმა რაოდენობამ 977-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი და ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. სამხრეთ კორეაში ვირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ჰონკონგი
ჰონკონგის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 20 აპრილამდე დაიკეტა სკოლები, რათა კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. ამის თაობაზე „ალ არაბია“ იტყობინება. ამ დროისთვის ჰონკონგში დარეგისტრირებულია 81 შემთხვევა, 2 პაციენტი გარდაიცვალა.
გუშინ ყოფილმა კოლონიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაბლოკავს სამხრეთ კორეიდან ჰონკონგის არარეზიდენტების შემოსვლას ამ ქვეყანაში ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო.
ვიეტნამი
ვიეტნამის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 16-ვე პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა, 13 თებერვლის შემდეგ კი ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი კონგრესს მოთხოვნას უგზავნის, 2,5 მილიარდი დოლარი გამოყოს კორონავირუსთან საბრძოლველად. ამ თანხიდან მილიარდზე მეტი ვაქცინის შესამუშავებლად არის გამიზნული, დანარჩენი კი ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს – დამცავი ნიღბების მარაგების შექმნით დაწყებული, დიაგნოსტიკის ხარჯების დაფინანსებამდე.
გუშინ ევროკომისიამ 230 მლნ ევრო გამოყო კორონავირუსთან საბრძოლველად, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას მოხმარდება არა მარტო ევროკავშირის წევრ, არამედ არაწევრ ქვეყნებშიც.
თურქეთი
თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 14-დღიან კარანტინში მოათავსოს ავიაკომპანია Turkish airlines-ის თეირანი-სტამბოლის რეისის 132-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები, რადგან ბორტზე მყოფ 17 მგზავრს სხეულის მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა. თვითმფრინავი ექსტრემალურ რეჟიმში დაეშვა ანკარაში და მგზავრები და ეკიპაჟის წევრები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იზოლირებულ პალატებში მოათავსეს 14-დღიანი საკარანტინო ვადით.
იორანში კორონავირუსის გავრცელების გამო „თურქეთის ავიახაზებმა“ 10 მარტამდე ირანში ყველა რეისის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თეირანსა და თეირანიდან რეისების გამოკლებით.
პირბადის ფასი – 70 ევრო: თაღლითები სიტუაციით სარგებლობენ
მილანის პროკურატურამ პირბადეების სპეკულაციურ ფასად გაყიდვის გამო გამოძიება დაიწყო.
„კორიერა დელა სერას“ ინფორმაციით, კორონავირუსის გამო იტალიაში სანიტარიული პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინტერნეტმაღაზიებში პირბადის ფასი 70 ევროს აღწევდა. მსგავსი დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულია ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობა და 25 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა, თუმცა პოლიციამ კონკრეტულ პირებს ჯერ ვერ მიაკვლია.
წითელი ჯვრის წარმომადგენლები, აგრეთვე, იუწყებიან, რომ თაღლითები ბოროტად იყენებენ შექმნილ მდგომარეობას, მოქალაქეებს მოხალისეებად ეცნობიან, შედიან ხნიერი ადამიანების სახლებში და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ სამედიცინო ნიღბების შემოწმებას სთავაზობენ.
მოამზადა ნინო ხოშტარიამ
p. s. ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში მთლიანობაში ინფიცირებულია 80 290 ადამიანი, მათგან 2704 გარდაიცვალა, 27 789 გამოჯანმრთელდა. ჩინეთის გარდა ვირუსი გავრცელებულია კიდევ 37 ქვეყანაში. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, აფრიკაში კი ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ეგვიპტეში.
გერმანიაში 16 პაციენტიდან 14 გამოჯანმრთელდა, საფრანგეთში 12-იდან 11 პაციენტი ჯანმრთელია, ერთი 80 წლის ჩინელი ქალი გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში 13 პაციენტიდან 8 გამოჯანმრთელდა, 5 მკურნალობას განაგრძობს. ესპანეთში 3 პაციენტიდან 2 გამოჯანმრთელდა.
p. p. s. ახალი ინფორმაციით, 17:00 საათისთვის (თბილისის დროით), იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 283-მდე გაიზარდა: ლომბარდია – 212, ვენეტო – 38, ემილია-რომანია – 23, პიემონტი – 3, ლაციო – 3, ტოსკანა – 2, სიცილია – 1.
განახლებულია 17:00 სთ-ზე
კომენტარები