ისტორიასაქართველო

ეგვიპტის ქართველი დედოფალი, რომლის სილამაზემ და გაჭრიახობამ ნაპოლეონ ბონაპარტს ფარ-ხმალი დააყრევინა

ქაიროს ე. წ. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების სამუდამო განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი იყო, სამივე სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი. სწორედ აქ განისვენებს ქართველი ნაფისა ხანუმი, გნებავთ „თეთრი განძი“ და გნებავთ – „მამლუქთა დედა“…

მისი წარმომავლობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოდან იყო. მონათა ბაზარზე გოგონა იმ დროის უცნობილესმა მამლუქმა ალი-ბეი ალ-ქაბირმა იყიდა (ალი ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის მმართველი იყო 1757 წლიდან. დაბადებულა საქართველოში, აფხაზეთში, ქართველი მღვდლის ოჯახში 1728 წელს. მისი თავდაპირველი სახელი იოსები ყოფილა). ულამაზეს ნაფისას (ეს სახელი ტყვეობაში მიიღო) გამჭრიახობითაც გაუთქვამს სახელი, ამიტომაც ალი-ბეის მისთვის თავისუფლება უბოძებია და ცოლად შეურთავს.

ეგვიპტის გამგებელი მალევე, ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა (1773 წელს – რედ.). მის ქვრივს საარაკო სიმდიდრე დარჩენია. ჭკვიანი ქალი მარჯვედ მართავდა ქონებას და ქველმოქმედებას ეწეოდა. ცოტა ხანში ნაფისა მეორე, ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად-ბეის გაჰყვა ცოლად.

მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები გამჭრიახმა ქალმა სწორად შეაფასა და ზუსტად ივარაუდა, რომ ეგვიპტელ ხალხს მძიმე წლები დაუდგებოდა, რის გამოც შესაძლოა ქმრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაეკარგა, ამიტომაც ქონება დაიმტკიცა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს იყო უნიკალური ფაქტი მუსლიმანურ სახელმწიფოში, როცა ქალი, ანუ უუფლებო ადამიანი, ოფიციალურად გახდა უზარმაზარი ქონების განმგებელი.

ნაფისამ ყველაზე დიდი ქარვასლა შეიძინა და მას თავისი სახელობის მოწყალების სახლი მიაშენა, რომელსაც „საბილ ქუთაბი“ რქმევია. აქ, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ. გასაოცარი გარეგნობის გამო მას „ბაიდა ნაფისას“ ეძახდნენ, რაც ეგვიპტურად „თეთრ განძს“ ნიშნავს.

ისტორიას არ შემორჩა ნაფისას პორტრეტი, თუმცა ეგვიპტელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში შექმნილი „კავკასიელი ქალის“ პორტრეტზე სწორედ „თეთრი განძი“ უნდა იყოს გამოსახული. 1798 წელს, ცნობილ პირამიდების ბრძოლაში, ნაპოლეონ ბონაპარტემ მამლუქთა გაერთიანებულ ლაშქარს სძლია, მაშინ მამლუქთა 6-ათასიან ცხენოსან ჯარს ხელმძღვანელობდა ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი, ნაფისა ხანუმის მეუღლე მურად-ბეი.

ბრძოლა უთანასწორო გამოვიდა. იბრაჰიმმა და მურადმა ზემო ეგვიპტეს შეაფარეს თავი. ქაიროში დარჩა მურად ბეის მეუღლე ქართველი ნაფისა და, სავარაუდოდ, ეს წინასწარ იყო გათვლილი.

საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქს მიადგა. ქართველი მამლუქების გმირული წინააღმდეგობით გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს ქაიროს გამარჯვების ჭიშკართან მიახლოებისთანავე მოჩვენებასავით გადაუდგა წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი.

ისტორია გადმოგვცემს, რომ მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოქვეითებულა და ქალს მოკრძალებით ეახლაო. ეგვიპტეში ახლაც სჯერათ, რომ მაშინ ნაპოლეონი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე თრთოდა და მზად იყო, მისი ყველა განკარგულება შეესრულებინა. მისმა ნაბიჯმა გაამართლა. ქალმა ქალაქი გადაარჩინა. ნაფისას საოცარი გამბედაობა და დიპლომატიური ნიჭი აღმოაჩნდა. მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ მოლაპარაკებას მართავდა, პარალელურად კონტაქტს არ წყვეტდა ქართველ მეუღლესთან. ნაფისას გამჭრიახობის შედეგად მურადი და მისი მეომრები უკან დაბრუნდნენ და ნაპოლეონს გაურიგდნენ, ამ შემთხვევის მერე ეგვიპტელებმა ნაფისას ახალი თიკუნი შეარქვეს – მამალიქი ანუ მამლუქთა დედა უწოდეს.

ქაიროს ე. წ. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების სამუდამო განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ, სამივე სტამბულის ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი. ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი იყო, ისმაილ-ბეი – ეგვიპტის მამლუქთა ოსმალურ ფრთას მეთაურობდა, იბრაჰიმ ქათხუდას კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრე და გავლენა ჰქონდა. მათი საფლავებიდან ორიოდ ნაბიჯში, უბრალო ხის ჭიშკართან პატარა მავზოლეუმია. სწორედ აქ განისვენებს ქართველი ნაფისა ხანუმი, გნებავთ „თეთრი განძი“, და გნებავთ – მამლუქთა დედა…

წყარო

ფოტოები ვიკიპედიიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close