თბილისში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს – მკვლელი დაკავებულია
თბილისში მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი ინდოეთის მოქალაქის სიკვდილით დასრულდა. მას ჭრილობები მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის.
„ბევრი ფული დავხარჯეთ, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100-ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ არ მოსულან. ადრე ჩემს სიძეს დაარტყა, დღეს კი ის უკვე დავკარგე. ჩემი ქალიშვილი შოკშია, არ ვიცით, სად უნდა წავიდეთ. გუშინ ღამით ჩვენი ღობე და კამერები დაამტვრია, დღეს კი იარაღი მოიტანა მის მოსაკლავად. დღეს დილით, როდესაც მოვედით სახლში, შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ ჩემმა სიძემ ამის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ 3-ჯერ ესროლა. ინვესტიციის განსახორციელებლად ჩამოვედით. დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს მიწა ვიყიდეთ და სახლში დაახლოებით 300 000 დოლარი დავხარჯეთ“, – განაცხადა გარდაცვლილის სიმამრმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავა. დანაშაული 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები