პოლიციამ ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედი იპოვა და პატრონს დაუბრუნა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს.
თბილისში ველოსიპედის მოპარვის შესახებ ინფორმაცია 25 იანვარს გავრცელდა. როგორც მოგზაური ამბობდა, ველოსიპედზე იყო ჩაფხუტი და ორი ჩანთა იყო დამაგრებული. შსს-ს ინფორმაციით, ველოსიპედი ცოტნე დადიანი ქუჩაზე იპოვეს.
„არ მეგონა, თუ ეს მოხდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ველოსიპედი დამიბრუნეს. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა“, – ამბობს როუან კემპბელი.
ველოსიპედი ბრიტანელ მოგზაურს რუსთაველის გამზირზე მოჰპარეს. მისი თქმით, ნივთები, რომლებიც ველოსიპედთან ერთად დაკარგა, მან იმავე დღეს, 25 იანვარს რუსთაველის გამზირზე ნაგვის ურნაში ნახა და პოლიციას შეატყობინა.
მას შემდეგ, რაც ველოსიპედის მოპარვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ბრიტანელ მოგზაურს ახალი აჩუქეს. გარდა ამისა, მან საჩუქრად ვაუჩერიც მიიღო სასტუმროსა და ჰოსტელში ორი ღამის გასატარებლად.
როუან კემპბელი ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ სინგაპურიდან ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ამ დროის განმავლობაში მან 11 ქვეყანა გამოიარა. თბილისში დარჩენა მას სამი კვირით აქვს დაგეგმილი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები