საზოგადოებასაქართველო
ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ 2020 წლის 26 იანვარს გამოცემული ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.
აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუს და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისათვის: 2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
კომენტარები