საზოგადოებასაქართველოსპორტი

ქუთაისის „ტორპედო“ ოფიციალურად ადასტურებს – შეთანხმება მიღწეულია, გუნდი იტალიელებს გადაეცემა

ქუთაისელ გულშემატკივართა ჯგუფმა ფეიქსბუქის გვერდზე („ჩვენ ვართ ტორპედო“) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქუთაისის „ტორპედოს“ შესახებ იტალიელმა ინვესტორებმა ქუთაისის მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

„ქუთაისის „ტორპედოსა“ და იტალიელ ინვესტორებს შორის საბოლოო შეთანხმება 13 იანვარს მოხდება. ქუთაისის მერიაში შეხვედრა იყო ქალაქის წარმომადგენლებსა და პარტნიორობით დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორებს შორის, სადაც, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ორშაბათს კიდევ ელოდებიან თანაინვესტორებს, სადაც ხელი ყველაფერს ოფიციალურად მოეწერება. იტალიელები საქართველოს მამაქალაქში დიდი მიზნებით მოდიან – დანარჩენს დრო გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება“, – წერს „ჩვენ ვართ ტორპედო“.

საქართველოს პირველმა არხმა ინფორმაცია „ტორპედოს“ პრესსამსახურის უფროსთან, ედო ბადალაშვილთან გადაამოწმა, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა.

„ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იტალიელ ინვესტორებს შეხვდნენ, მერე კი – გუნდის და გულშემატკივრების წარმომადგენლებს. გვითხრეს, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ინვესტორებთან შეთანხმებას მიაღწიეს და რომ 13 ან 14 იანვარს ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებენ. მოკლედ, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ „ტორპედოს“ იტალიელები მიხედავენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ედო ბადალაშვილი.

ქუთაისის „ტორპედოს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წელს ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება დართო, თუმცა გუნდი ლიცენზირების რეგულარული მონიტორინგის ქვეშ რჩება – თუ „ტორპედო“ მოთამაშეთა და პერსონალის მიმართ დავალიანებას 15 იანვრამდე არ დაფარავს, დაბალ ლიგაში დაქვეითდება.

ქუთაისის მერიაში მიღწეული შეთანხმებით რეალური იმედი გაჩნდა, რომ ახალი ინვესტორი და გუნდის ყოფილი მეპატრონე ზაზა ჩაჩავა დავალიანებას დაფარავენ და გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close