ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ქართულ-ბერძნული ოჯახის „ამომავალი ვარსკვლავი“

„ემიგრანტები, რომლებიც ჩემნაირად აქ, საბერძნეთში არ ქმნიან ოჯახს და არა აქვთ მნიშვნელოვანი ბიზნესი, აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ისედაც სულ ნატვრად აქვთ სამშობლოში დაბრუნება და ძველებურად ცხოვრების გაგრძელება. რაც შემეხება მე, საქართველოსთან კონტაქტს არ ვკარგავ, ჩამოვდივარ ხოლმე, რომ ავინაზღაურო ის მონატრება, რაც თან დამყვება და სულ განვიცდი“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ქალბატონი მეგი ბოსტოღანაშვილი-კოული, რომელიც 2004 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობს.

პროფესიით მუსიკოსმა ერთ მშვენიერ დღეს ბედი ბერძენ ქიმიკოსს, სტავროს კოულისს დაუკავშირა და დღეს მათ, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულ ქართულ-ბერძნულ ოჯახში ორი მშვენიერი ქალიშვილი იზრდება. ეს განსაკუთრებულობა სწორედ რომ მათი ქალიშვილის დიდი დამსახურებაა – პატარა ანას, რომელიც რამდენიმე ენაზე არაჩვეულებრივად მღერის, უკვე „ამომავალ ვარსკვლავს“ უწოდებენ. ანას ყველაზე მეტად ქართული სიმღერები მოსწონს… თუმცა უმჯობესია, ქალბატონ მეგის მოვუსმინოთ, უშუალოდ მისგან შევიტყოთ მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დეტალების შესახებ ემიგრაციაში და ისიც გავარკვიოთ, თუ რას ფიქრობს თავისი ნიჭიერი ქალიშვილის მომავალზე.

***

მე გახლავართ მეგი ბოსტოღანაშვილი ქალაქ რუსთავიდან, პროფესიით მუსიკოსი. საბერძნეთში 2004 წელს წამოვედი. ჩემი ძმა მრავალი წლის განმავლობში იმყოფებოდა საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში და სულ ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან მეც აღმოვჩნდებოდი ამ ქალაქში. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ სწორედ მოვიქეცი, რადგან ბევრი რამე შეიცვალა ჩემს პირად ცხოვრებაში:  შევქმენი ოჯახი, მყავს მეუღლე და ორი უსაყვარლესი გოგონა – ანა და ნატალია.

თქვენი მეუღლე ვინ არის?

ჩემი მეუღლე ბერძენია – სტავროს კოულისი, პროფესიით ქიმიკოსი. თესალონიკის ერთ-ერთ კომერციულ ცენტრში, მეგობრების წრეში გავიცანი. სხვათა შორის, რატომღაც ვფიქრობდი, რომ მეუღლე უცხოელი მეყოლებოდა (იცინის)… მამაჩემი პროფესიით ისტორიკოსი იყო, ძალიან მოსწონდა საბერძნეთი, დიდი ინტერესი ჰქონდა მის მიმართ და მეც, 5 წლის ასაკში, უკვე სამაგიდო წიგნად მქონდა ბერძნულ მითოლოგიაზე შექმნილი „ოდისეა“, რომელიც  შემთხვევით მაჩუქა ჩემმა უფროსმა მეგობარმა დაბადების დღეზე. მერე კი, აი, საბერძნეთში აღმოვჩნდი…

თქვენმა მეუღლემ  რა იცოდა საქართველოს შესახებ, როდესაც თქვენ გაგიცნოთ?

ბევრი არაფერი იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჩვენი შეუღლების შემდეგ ორჯერ მყავდა საქართველოში, მოეწონა ძალიან, გაიზარდა მისი თვალსაწიერი და ახალი და კარგი წარმოდგენა ჩამოუყალიბდა საქართველოზე.

სანამ საბერძნეთში დამკვიდრდებოდით, რამდენად რთული იყო ადაპტაციის პერიოდი თქვენთვის, როგორ გახსენდებათ ის დღეები, თვეები?.. ამბობენ, რომ უცხო ქვეყანაში არავის აინტერესებს, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ… არც სანაცნობოს, სამეგობროს გამონახვაა მარტივი…

ნამდვილად სწორად უთქვამთ, რომ ადაპტაციის პერიოდი რთული გადასალახია. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ადვილი არ იყო ყველაფრის თავიდან დაწყება და საკუთარი ადგილის დამკვიდრება. არცერთ ემიგრანტს გამზადებული არც სამუშაო ხვდება და არც გადასარევად გრძნობს თავს, მაგრამ… არის ბევრი „მაგრამ“, ბევრი სირთულე და ჭაობი. როგორც აქაური ემიგრანტები მეუბნებოდნენ, აქ თუ ჩამოხვედი,  თავს ვეღარ დააღწევ, ჭაობივით იცის ჩათრევაო.

რაც შეეხება ნაცნობ-მეგობრებს, იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც გითხარით, ჩემი ძმა წლების განმავლობაში იმყოფებოდა საბერძნეთში, უამრავი ადამიანი გავიცანი და სამეგობროც გაჩნდა, თუმცა მერე ნელ-ნელა მოხდა მათი გაფილტვრა და საუკეთესოებთან უფრო მეტად დაახლოება.

ქართველი ემიგრანტების რიცხვი რამდენად დიდია თქვენ ირგვლივ? ურთიერთობთ ერთმანეთთან?

თესალონიკში უამრავი ქართველია, რა თქმა უნდა, ვურთიერთობთ, თუმცა, ძირითადად, ღონისძიებებზე ვხვდებით ერთმანეთს.

ალბათ ამ ღონისძიებებზე, როგორც მუსიკოსი, თქვენს  სათქმელს  ამბობთ… საერთოდ, რას საქმიანობთ სამშობლოდან შორს? ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ?

თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია დავამთავრე, საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება. საბერძნეთში დიპლომი ბერძნულ ენაზე გადავაბარე და ჩამოსვლის დღიდან დავიწყე მუშაობა ქართულ სათვისტომოებში. გავაკეთე ჩემი სოლო კონცერტი და ჩამოვაყალიბე ბავშვთა ვოკალური ანსამბლი „ნერაიდა“. პარალელურად მეც ვმღეროდი ანსამბლებში და ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში. დღემდე მყავს მოსწავლეები და თავისუფალი დრო საერთოდ არ მრჩება. და თუ მრჩება, ისიც ჩემს შვილებს, ოჯახს ეთმობა.

როგორც ვიცი, მუსიკალური ნიჭით თქვენი ქალიშვილი, ანაც გამოირჩევა…

ანა ჩემი პირველი სიხარული და ცხოვრების აზრია. მასზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. ანამ სიმღერა 2 წლის ასაკიდან დაიწყო. მე, რა თქმა უნდა, ქართულ სიმღერებზე დაყრდნობით ვზრდი. თავიდანვე ქართულად ვასწავლიდი ყველა სიტყვას და დღეს უკვე საუკეთესოდ ლაპარაკობს ქართულად, ისე სუფთად, რომ ვერ გაარჩევთ ბერძენი ბავშვია თუ ქართველი.

სცენაზე მისი პირველი გამოსვლა 3 წლისა და 8 თვის ასაკში შედგა ინგლისური სიმღერით „ედელვაისი“, მიუზიკლიდან „მუსიკის ჰანგები“ და მას შემდეგ სულ სცენაზეა. მოკლედ რომ ვთქვათ, თესალონიკში მრავალი ღონისძიების მონაწილეა. საკონცერტო პროგრამა არაერთ ენაზე გვაქვს, კერძოდ ქართულ, ბერძნულ, ინგლისურ, იტალიურ, ებრაულ, სერბულ ენებზე. მალე ფრანგულ ენაზეც დავიწყებთ სიმღერას. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ სიმღერის სტილიც შევიცვალეთ და ოპერა პოპ სტილში დავიწყეთ მეცადინეობა. ახლა ყველა სიმღერას ამ სტილში ვსწავლობთ და არცთუ ისე უშედეგოდ.

ანამ პირველივე სიმღერიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და უფრო მეტი სტიმული მიეცა მის შრომას. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ქართველ და ბერძენ მსმენელს. ანა არის ქ. ლიტოხოროს ფესტივალის „ოლიმპოს მეგობრების“ პირველი ადგილის მფლობელი და ლაურეატი 10 წლამდე ბავშვებში. მაშინ ანა 5 წლის იყო, ის ახლა 6 წლისაა და მრავალ ღონისძიებაში მონაწილეობს. საშობაო კონცერტშიც მონაწილეობდა. გაზაფხულისთვის უკვე დაგეგმილი გვაქვს სოლო კონცერტი და სიმღერის ფესტივალები.

ანა  დადის, აგრეთვე,  ხატვაზე, ლათინურ ცეკვებზე და მღერის გუნდში. რამდენიმე დღის წინ ბერძნულმა ტელევიზიამაც გადაიღო. ერთ-ერთ კონცერტზე მოუსმინეს ანას და ძალიან მოეწონათ.

თქვენთვის რა არის  მუსიკა და თქვენი გოგონას მომავალს  როგორ  ხედავთ?

ჩემთვის მუსიკა ყველაფერია, ჰაერი, რომელიც მჭირდება, რომ ვისუნთქო. ასე იყო ჩემი ბავშვობიდან და ასე იქნება ყოველთვის. ანას მომავალსაც მუსიკაში ვხედავ, ყოველ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ მე ასე მინდა, მაგრამ ბავშვსაც ძალიან უყვარს სცენა, სიმღერა და, რაც მთავარია, ენთუზიაზმით ეკიდება ყველა დაკისრებულ საქმეს. უკვე უყალიბდება თავისი გემოვნება, თუმცა ცხადია, მეც ბევრ კარგ, გემოვნებიან პროგრამას  ვურჩევ და თვითონაც მოსწონს.

ანა გყავდათ საქრთველოში?

დიახ, ანა ერთხელ უკვე მყავდა საქართველოში, 2017 წელს და კიდევ მთხოვს, რომ წამოვიყვანო, იმდენად კარგი მოგონებები აქვს და ისე უყვარს საქართველო.

შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ჩემი ანა სულით და გულით ქართველია. ერთხელ მამამისსაც კი გამოუცხადა: საქართველო მიყვარს და მეც ქართველი ვარო. მართალია, ჩემს მეუღლეს რომ არ სწყენოდა, მაშინვე შევუსწორე – ბერძენი ხარ და გვარიც ბერძნული გაქვს-მეთქი, მაგრამ სადღაც გულში კი მესიამოვნა, რომ ბავშვს ქართული სული ჩამოუყალიბდა და არ ჰგავს ბერძენ თავნება ბავშვებს.

სხვათა შორის, ანას ყველაზე ძალიან ქართული სიმღერების შესრულება უყვარს. ზოგიერთს („ალილო“, „ჩემი ქალაქი“, „ჰერიო ბიჭებო“, „საქართველო ლამაზო“…) განსხვავებული, ჩემეული ინტერპრეტაციით ვიწყებთ და ისე ვმღერით. საერთოდ, ჩემი დაწერილი სიმღერებიც მაქვს და ნელ-ნელა მათაც ვისწავლით.

მუსიკალური ნიჭი ნატალიასაც ხომ არ აქვს?

პატარას კარგი სმენა გამოჰყვა, მაგრამ ისეთი ცელქია, რომ სერიოზულად მისი ვოკალით დაკავება ჯერ ადრეა.  ისევე, როგორც ანას, მასაც ქართულ საბავშვო სიმღერებს ვასმენინებ და ტელევიზორთან თუ დადგა, მთელი კონცერტის მოსმენა გვიწევს მთელ ოჯახს (იცინის). მღერის, ანუ ტიტინებს, როგორც ახერხებს. დაიკოებს უკვე აქვთ ერთი ქართული დუეტი მზად, სამომავლოდ.

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

ჩემი სამომავლო გეგმა, პირველ რიგში, ბავშვების განათლებაზე ზრუნვაა. ნატალია კერძო ბაღში უნდა მივიყვანოთ, ანა მუსიკალურ სკოლაში მივა, რადგან ჩემთან კი იღებს განათლებას, მაგრამ საბუთიც მინდა ჰქონდეს, რომ მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა. თუ სწავლას სამომავლოდ მუსიკის განხრით გააგრძელებს (რისი დიდი იმედიც მაქვს), საფუძველი უნდა ჰქონდეს. რაც შემეხება მე, მინდა ჩემი საქმიანობა სადმე ბერძნულ მუსიკალურ სკოლაში გავაგრძელო. დანარჩენს  მომავალი გვიჩვენებს.

აქვე გეტყვით, რომ კლიპის გადაღება მინდა ანასთვის მომავალში. ნათესავი გვყავს, რომელიც ბალეტს ცეკვავს და მინდა კლიპში მანაც იცეკვოს ანულას სიმღერასთან ერთად – ჩემს დაწერილ სიმღერაზე, რა თქმა უნდა.

წარმატებებს გისურვებთ… საინტერესოა, რა მოგწონთ ყველაზე მეტად საბერძნეთში? თუ არის რაიმე ისეთი, რის დამკვიდრებასაც მშობლიურ ქვეყანაში ისურვებდით?

ამ საკითხზე ნამდვილად მიფიქრია. სამწუხაროდ,  ქართული მენტალიტეტი უკვე არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება, ყველას განკითხვა, ყველას ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა,  მომსახურება სავაჭრო ცენტრებში და ა. შ.  თუმცა ბერძნებსაც ბევრი რამ აქვთ ჩვენთან შედარებით გამოსასწორებელი. მაგალითად, იუსტიციის სახლი თბილისში სულ რაღაც წუთებში აგვარებს ნებისმიერი მოქალაქის მოთხოვნებს, ეს იქნება დოკუმენტები, სხვადასხვა სერვისი და ა. შ., რაც საბერძნეთში დიდი პრობლემაა. ასეთ მომსახურებას ძალიან დიდ დროს ანდომებენ და დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ქართული სამზარეულოც ბევრად ჯობია ბერძნულს.

როგორ ფიქრობთ, ემიგრაციაში მყოფი ქართველები დაუბრუნდებიან  საქართველოს?

ემიგრანტები, ვინც ჩემნაირად აქ, საბერძნეთში არ ქმნიან ოჯახს და არა აქვთ მნიშვნელოვანი ბიზნესი, აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ისედაც სულ ნატვრად აქვთ სამშობლოში დაბრუნება და ძველებურად ცხოვრების გაგრძელება. რაც შემეხება მე, საქართველოსთან კონტაქტს არ ვკარგავ, ჩამოვდივარ ხოლმე, რომ ავინაზღაურო ის მონატრება, რაც თან დამყვება და სულ განვიცდი.

მგონი, დედაც თქვენთან გყავთ საბერძნეთში

დედაჩემი წელიწადში ორჯერ ჩამოდის საბერძნეთში. უფრო სწორად, 4-5 თვე საბერძნეთშია, მერე 2 თვით საქართველოში მოდის და შემდეგ ისევ საბერძნეთში ბრუნდება. ფაქტობრივად, თითქმის სულ ჩვენთანაა.

რა არის თქვენი, როგორც ემიგრანტის ცხოვრებაში, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი?

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილების დაბადება, მათზე ზრუნვა, მათი ცხოვრებით ცხოვრებაა.

თქვენი სათქმელი ემიგრანტებისთვის…

ქართველ ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ დიდხანს ნუ შემორჩებიან უცხო მხარეს და აუცილებლად იფიქრონ საქართველოში მალე დაბრუნება. საქართველო ქართველების გარეშე აღარ იარსებებს, ამიტომ საჭიროა ემიგრანტების დაბრუნება მშობლიურ მხარეში და  რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი.

დაბოლოს, რას ისურვებდით? – ჯერ ისევ საახალწლო დღეებია…

ვისურვებდი, ჩემი ოჯახის ყველა წევრის ანუ ჩემი შვილების, ქმრის და დედის ჯანმრთელობას და ყოველივე სიკეთეს, რასაც ღმერთი მოგვცემს; ვისურვებდი ყველა ქართველის ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებს; ბედნიერ, გამთლიანებულ საქართველოში ქართველების დაბრუნებას უცხოეთიდან. მრავალ ახალ წელს დაგვასწროს ღმერთმა ბედნიერად!

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close