კინო/ფილმებიარტისტი

სიცილის მეფე – იპოლიტე ხვიჩია

დღესაც კი საქართველოში ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომლისთვისაც სახელი „იპოლიტე“ უზრუნველი სიცილისა და უდიდესი პროფესიული ოსტატობის სიმბოლოდ არ ქცეულიყოს. განუმეორებელი ქართველი არტისტი იპოლიტე ხვიჩია თავისი უბადლო ნიჭით ატყვევებდა მაყურებელს და სიცოცხლის ხალისს მატებდა.

მსოფლიო დონის კომიკოსი ტოლს არ უდებდა სახელგანთქმულ ბურვილს, ილინსკის, ბენი ჰილსა თუ დე ფიუნესს, მაგრამ მისი ნიჭის ელვარება, სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, საქართველოს ფარგლებს ვერ გასცდა. თავად იპოლიტეს ესეც ჰყოფნიდა – საკუთარი ხალხის გულწრფელი სიყვარული… დღეს ქართველებს ნამდვილად გვაკლია იპოლიტეს დონის კომიკოსი, სიცილის „ოლიმპოზე“ მის გვერდით დღესაც არავინ დგას.

„პირველი მერცხალი“, 1975

იპოლიტე ალექსი (იონა) და პისტი ყვინჩიების მრავალშვილიანი ოჯახის მეექვსე შვილი იყო. ბავშვს შინაურობაში კუშიეს ეძახდნენ. იპოლიტეს არ ახსოვდა, როგორ დაეწვათ სახლი, მაგრამ იმას, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ნალიას იყვნენ შეფარებულნი, სულ იხსენებდა. საღამოობით დაღლილ-დაქანცული დედა გარს შემოისხამდა ხოლმე ექვსივე შვილს – საშას (ალექსანდრეს), ევგენიას (ჟენიას), ლუბას, კაკოს, სერგოს (სირიოს) და იპოლიტეს (კუშიეს) და წიგნებს უკითხავდა. და-ძმებში განსაკუთრებით უფროსი ძმა – საშა გამოირჩეოდა, რომელიც წიგნის მოყვარულიც იყო და მსახიობის ნიჭიც ჰქონდა. პატარა კუშიე ყველაფერში მას ჰბაძავდა. ძველისძველი სარკის წინ დადგებოდა ხოლმე და ძმისგან ნასწავლ მოძრაობებს იმეორებდა.

ბავშვები სოფელ ნახახულების (ხონის რაიონი) სკოლაში სწავლობდნენ, სადაც იპოლიტეს უფროსმა ძმებმა – აკაკიმ და საშამ დრამატული წრე ჩამოაყალიბეს. სკოლაში კლასებს ხის ტიხრები ჰყოფდა, მოხსნიდნენ ტიხრებს და სცენაც მზად იყო, მაგრამ კუშიეს პირველმა გატაცებამ თითქოს გაუარა და თოთხმეტი წლის ასაკში სწავლა თბილისში, სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში გააგრძელა.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მომავალი არტისტი ჯერ ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში მუშაობდა ინსტრუქტორად, მერე – ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულას აგურის ქარხანაში მგეგმავი ეკონომისტის თანამდებობაზე, შემდეგ ხე-ტყეს ჭრიდა ხაიშში, ლახამუშაში, ჭუბერში და ენგურზე აცურებდა. წყლის დამტარებელიც (მეთულუხჩე) ყოფილა სოხუმში და პურის მცხობელიც, მაგრამ დიდხანს არსად გაჩერებულა, რადგან არცერთი ეს საქმე მისი მოწოდება არ იყო.

ამასობაში იპოლიტეს ძმამ, საშამ ხონში მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ჩამოაყალიბა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორიც თავად იყო. იგი „ვარდელის“ ფსევდონიმით მოღვაწეობდა. საშამ კუშიეც მიიწვია თეატრში. 1932 წლის 10 სექტემბერს 22 წლის იპოლიტე ყვინჩია პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე, რომელმაც ძალიან თბილად მიიღო შეშინებული და აღელვებული ახალგაზრდა.

ასე დაიწყო იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებაში აღმართი, რომელიც წარმატებული როლებით იყო სავსე, თუმცა თავად უკმაყოფილო გახლდათ, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ტრაგიკული როლებისთვის იყო დაბადებული და კომედიაში უაზროდ იღუპებოდა. ეგ კი არადა, თურმე დედაც კი მიუგზავნა რეჟისორ ძმას, დამეხსნას თავისი კომედიური როლებითო…

1936 წელს იპოლიტე სამუშაოდ ტყიბულში გადავიდა, სადაც მეშახტეთა ცენტრალურ კლუბში ხან მსახიობის, ხანაც რეჟისორის ამპლუაში ევლინებოდა მაყურებელს. იმ დროისთვის ქუთაისის თეატრში დირექტორად დანიშნული დოდო ანთაძე დასს ახალი მსახიობებით აკომპლექტებდა. ანთაძემ გასაუბრებაზე იპოლიტეც მიიწვია. მათი საუბარი ერთგვარი იუმორით წარიმართა. როდესაც იპოლიტე ანთაძეს წარუდგა და თავისი გვარი უთხრა, დირექტორმა შესთავაზა, გვარის პირველი ასო „ყ“ შეეცვალათ და „ხ“ დაეწერათ. „რა მოხდება ამით, დაშავდება რამე? – იკითხა ანთაძემ. – არც არაფერი, ერთი ოხერია ორივე!“ – უპასუხა ახალგაზრდა იპოლიტემ.

ასე იქცა კუშიე ყვინჩია იპოლიტე ხვიჩიად და მალე რიგები დადგა ქუთაისის თეატრის სალაროსთან იმ სპექტაკლებზე დასასწრებად, რომლებშიც იპოლიტე თამაშობდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გვარის გადაკეთების შესახებ მეორე ვერსიაც არსებობს, რომლის მიხედვითაც მამამ სამივე ვაჟს გადაუკეთა გვარი – დედისერთები ჯარში არ მიჰყავდათ და ამ გზით მან შვილებს სამხედრო სამსახური ააცილა თავიდან, თუმცა იპოლიტესთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია.

ქუთაისის თეატრში გაღრმავდა და განვითარდა იპოლიტე ხვიჩიას ტალანტი. აქ მიიღო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება, სახალხო არტისტობაც აქვე მიანიჭეს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ თბილისი ასეთ განძს მთლიანად ვერ შეელეოდა. ასე რომ, 1961 წელს იპოლიტე სამუშაოდ რუსთაველის თეატრში და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადავიდა. ცხადია, ოჯახთან ერთად საცხოვრებლადაც დედაქალაქში დამკვიდრდა, მაგრამ ქუთათურებისთვის არასოდეს უღალატია.

სწორედ ქუთაისში გაიცნო თავისი მეორე ნახევარი, მსახიობი ლუბა ქარქაშაძე, რომელიც იპოლიტეზე 17 წლით უფროსი იყო. ლუბას მაშინ ქმარიც (რეჟისორი ალიოშა ალფაიძე) ჰყავდა და ქალიშვილიც, მაგრამ მათ შორის გაჩენილ გრძნობას წინ ვერც ასაკი დაუდგა და ვერც ოჯახური მოვალეობები…

ლუბა და იპოლიტე შეუღლდნენ. იპოლიტემ საკუთარი შვილივით შეიყვარა ლუბას ქალიშვილი – ნუნუ, რომელსაც ხუთი შვილი შეეძინა. იპოლიტეს მათზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. საოცარი სიყვარულით უვლიდა პატარებს, აკვანშიც კი თვითონ აწვენდა ხოლმე. ყოველი ფილმის გადაღებისას მთელი ოჯახი სრული შემადგენლობით თან ახლდა იპოლიტეს. ლეგენდები დადიოდა ლუბასა და იპოლიტეს სიყვარულზე. ლუბა მეუღლეს სიყვარულით „ბაკუნას“ ეძახდა, რადგან იპოლიტემ ბაკაბუკით იცოდა სიარული. იპოლიტემ კი ცოლს „ხაჭაპუროვნა“ შეარქვა. ლუბა მართლაც უგემრიელეს ხაჭაპურებს აცხობდა და იპოლიტე მისი დიასახლისობით სამართლიანად ამაყობდა.

ერთხელ ფილმ „არ იდარდოს“ გადაღების დასრულების შემდეგ იპოლიტემ მთელი გადამღები ჯგუფი სახლში დაპატიჟა. მართალია, ეროსი ფილმში არ თამაშობდა, მაგრამ იპოლიტეს ის ისე უყვარდა, რომ მის გარეშე სუფრას არ შლიდა. მოკლედ, არის ერთი ამბავი: სადღეგრძელოები, ცეკვა-თამაში, სიმღერები, ანეკდოტები… სუფრას ჩიტის რძე არ აკლია, მაგრამ ეროსი არ ისვენებს: „რა არის, იპოლიტე, ამისთვის დაგვპატიჟე?!“ – და მრავალმნიშვნელოვნად გადახედავს სუფრას. იპოლიტე უმალ ბრძანებს: „ხაჭაპუროვნა, დაამატე ახალი კერძი, აბა, ჰე, სტუმრებთან არ შევრცხვეთ“. ლუბაც ამატებს და ამატებს ახალ-ახალ კერძებს მაგიდას. ეროსი მაინც არ ისვენებს და მასპინძელს დროდადრო ახსენებს: სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?! ბოლოს იპოლიტემ იყვირა: „ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი!“ (ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრს ერქვა).

იპოლიტე და ლუბა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის სიყვარულით ტკბებოდნენ.

 საკრალური რიცხვი

რიცხვი 13 და მისი შებრუნებული 31 საკრალური აღმოჩნდა მსახიობისთვის: 31-ში დაიბადა (2010 წელს), იმავე რიცხვში (1985 წ. 31 იანვარი) გარდაიცვალა; ეკრანზე  13 იპოლიტე განასახიერა, საერთოდ კი, ამ რიცხვს ასე გამოთქვამდა: „დუჟინს პლუს ერთი“.

ერთხელ, როდესაც გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ( 1979 წ. 11 დეკემბერი) კორესპონდენტს ინტერვიუს აძლევდა, თურმე დაინტერესდა: „რამდენი შეკითხვა გამოგივიდა?“ „თერთმეტი, ბატონო იპოლიტე“, – უპასუხა ჟურნალისტმა. „თუ შეიძლება, კიდევ ორი შეკითხვა რომ დავუმატოთ? ცამეტი ჩემი რიცხვია, კარგად მაქვს დაცდილი. ოჯახში ცამეტი სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის 13 ნომერში ვცხოვრობდი. თბილისში, წითელი პარტიზანების (შემდგომში იპოლიტე ხვიჩიას სახელობის) ქუჩაზეც 13 ნომერ სახლში გადმოვედი. დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე, სახალხო არტისტი 1960 წლის 13 ივლისს გავხდი. ახალი ბინა სევასტოპოლზე 13 ივნისს მომცეს, სასტუმროშიც მუდამ 13 ნომერი მხვდება ხოლმე“.

მოკლედ, ბევრისთვის „თარსი“ რიცხვი იპოლიტეს ძალიან კარგად ჰქონდა დაცდილი. კინოში მსახიობს 45 პერსონაჟი ჰყავდა განსახიერებული, მათგან 13 იპოლიტე იყო, რაც ძალიან ეამაყებოდა: იპოლიტე – „პიერი მილიციის თანამშრომელი“, იპოლიტე – „მალე გაზაფხული მოვა“, იპოლიტე – „მხიარული რომანი“, „შეხვედრა წარსულთან“, „ქალაქი ადრე იღვიძებს“, „ღიმილის ბიჭები“, „მანანა“, „ბზიანეთი“, „მეზობლები“, „რაჭა ჩემი სიყვარული“, „ანარეკლი“, „დილის ნისლივით“, „მუქარა შუაღამისას“…

„შეხვედრა წარსულთან“, 1966

ცამეტი იპოლიტე, ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ მაინც განსხვავებული… ამ ფილმების გარდა მაყურებელს არასოდეს დაავიწყდება მისი მონაწილეობით არცერთი ფილმი, თუნდაც „ფეოლა“, „ბურთი და მოედანი“, „თხუნელა“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ და ასე შემდეგ.

„ბურთი და მოედანი“

„ბურთი და მოედნის“ გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომის ვერაფერი აღმოაჩინეს. გადაღება ორი დღით გადაიდო.

საღამოს შინ მისულმა იპოლიტემ აივანზე გასაშრობად გაფენილ სიდედრის მოგრძო განიერ ნიფხავს მოჰკრა თვალი.

მეორე დღეს ვერიჩკამ მთელი N13 სახლის მცხოვრებნი შეძრა. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მიაგნო თავის „იმას“.

– რას ეძებ, ვერიჩკა? – ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები. ვერიჩკა კი, ვითომც არ ესმოდა, რას ეკითხებოდნენ, უადგილოდ უღიმოდა მათ.

გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და…

დილაადრიან რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა შეძრა იქაურობა.

– დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო, ბიჭო, მაი ტრუსიკი?

– კაი ახლა, ვერიჩკა, – ეხვეწება იპოლიტე, – რა მოხდა მერე, ამ ასაკში შენს ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის… აბა?!“

„ბურთი და მოედანი“, 1961

მოიარა კიდეც! კანის ფესტივალზე სწორედ ამ ნიფხავში გამოწყობილ იპოლიტეზე თქვა ყველა დროის უდიდესმა ფრანგმა მსახიობმა ჟან გაბენმა: „რატომ არ ვიცნობ ამ კაცს? – ეს რა გენიოსი გყოლიათ!“

სხვათა შორის, საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით ერთხელ იპოლიტესთვის უკითხავთ, ფესტივალებზე რატომ არ დადიხარ, მოსკოვში წასვლა მაინც რა გაგიხდაო? – იმიტომ, რომ ეშინიათ, ჩემნაირი რუსული მოსკოვშიც არ ისწავლონო, – თავისებური მახვილებით დაუმარცვლავს მსახიობს…

* * *

ერთხელ იპოლიტე ცოლს ახლობლის პანაშვიდზე გაჰყვა. ოთახში რომ შევიდა, მიმსვლელი თუ ჭირისუფალი მისკენ შებრუნდა და ყველამ ჩუმი სიცილი დაიწყო. იპოლიტემ წონასწორობა შეინარჩუნა, ჭირისუფალს მიუსამძიმრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. ამის შემდეგ ქალბატონი ლუბა იპოლიტესთან ერთად პანაშვიდზე წასვლას ყოველთვის არიდებდა თავს.

ხსენებული უხერხული სიტუაციებით გაწამებულმა იპოლიტემ ერთხელ თხოვნითაც კი მიმართა ახლობლებს:

– თქვენი ჭირიმე, თუ ჩემს დაკრძალვაზე მოხვდებით, შეახსენეთ ჩვენებს, სურათი წინ არ გაიტანონ.

– რატომ, ბატონო იპოლიტე?

– ხალხი სურათის დანახვაზე გაიცინებს, მე კი მინდა ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით.

„მანანა“, 1958

დღე უკანასკნელი

„იმ დღეს, 1985 წლის 31 იანვარს თბილისში საშინელი ქარი იყო. ექვსს თხუთმეტი წუთი აკლდა, როდესაც იძულებულნი გავხდით სასწრაფო დახმარების მეორე ბრიგადა გამოგვეძახა. ორი პროფესორი, ოთხი ექიმი, ექთნები და სანიტრები თავს დასტრიალებდნენ პაციენტს. ოთახში ტევა რა იყო, მაგრამ მაინც სულისგამყინავი სიჩუმე სუფევდა. დაზაფრული ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მის გადასარჩნად (რაღა მათ ხელში უნდა დაელია სული ამ ოქრო კაცს?!) მამამ თვალი მოავლო ოთახს, სიმწრით გაიღიმა და ძლივსძლივობით ამოთქვა: „გიჭირთ, ხომ? მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ შალიკიასაც ძალიან უჭირდა… მაშინ!“ – და მომაკვდავმა სვენებ-სვენებით დაიწყო მოყოლა: „ადიდებულ რიონს შალიკია მოჰქონდა. ხიდზე გალაკუნა იდგა და მდინარის პირას მდგარ ივანიჩკას ჩასძახა… „რას მიშტერებიხარ, ბიჭო?! მოსდე ის კეტი და ამოსწიე… ეე, მაგერ ჯოხიო… ივანიჩკამ მოსდო ჯოხი და ამოათრია… ამოათრია და დასცხო ხელოვნური სუნთქვა… ხაპავს და ხაპავს შალიაკია წყალს… გალაქტიონი ხიდიდან ეძახის… ბიჭო, ამოაყოფინე მაგი უკანალი წყლიდან, თვარა დაცალა რიონიო…“ მამა თითქოს სიკვდილსაც დასცინოდა, თვალებში რომ ჩახედა. მერე კიდევ ერთხელ ყველას მოგვავლო თვალი და „წასულია ჩემი საქმე, ხომ?! ახლა არ იკივლოთ, არ იწივლოთ, არ შეძრათ ქვეყანა“, – დაგვარიგა. თხუთმეტ წუთში კი უკვე სააქაოს აღარ იყო“, – იხსენებს მისი ქალიშვილი.

* * *

იპოლიტე ხვიჩიას ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა – არავის გაუცინია მისი სურათის დანახვაზე.

1985 წლის 7 თებერვალს, როცა ქარი ტოტებს ალეწდა ხეებს, სამგლოვიარო პროცესიის წინ ფოტოზე აღბეჭდილი ღიმილიანი სახის დანახვაზე ყველა მწარედ ტიროდა. საქართველომ სიცილის მეფე დაკარგა!

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close