რას ჰყვება ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში გატარებული 49 დღის შესახებ
„იმედის კვირამ“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან, ექიმის გათავისუფლების შემდეგ, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ვაჟა გაფრინდაშვილი მეორე დღეა უკვე გათავისუფლდა ცხინვალის ციხიდან. როგორც თავად ამბობს, ის საექიმო საქმიანობას 10 დღეში დუბრუნდება – მას შემდეგ, რაც ძალებს აღიდგენს.
58 წლის ექიმის თქმით, ისე წავიდა პაციენტის დასახმარებლად, რომ ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მას შეხვნდენ რუსი მესაზღვრეები, რომლებმაც ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს, მოსთხოვეს საბუთები და შემდეგ ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს:
„მე რომ მივდიოდი, არც მავთულხლართები დამინახავს, არც ნიშანი. სოფლის ორღობეში რომ მივდიოდი, მაშინ დავინახე ორი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ძაღლით მოდიოდა. ვინ ხარო, მე საქართველოს მოქალაქე ვარ-მეთქი. საბუთები გაქვსო, კი-მეთქი. მე რომ მივეცი, თავისაზე შემახედეს, თქვენო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხართ გადმოსულიო, დარღვეული გაქვთ საზღვარიო…. ეს იყო სოფელი მონასტერი… არ დამინახავს არაფერი, მდინარის გასწვრივ მივდიოდი, დასახლებაში ჩავდიოდი, იქიდან ჩანდა სოფლის ცენტრი… ფეხით ვიყავი, ტაქსით ჩავედი“, – განაცხადა ვაჟა ექიმმა და თქვა, რომ პაციენტი, რომლის სანახავადაც მიდიოდა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. ექიმის თქმით, საოკუპაციო ხაზთან წასვლის შესახებ არაფერი იცოდა მისმა ოჯახმა.
„არ იცოდნენ, სად მივდიოდი, მე ვუთხარი, რომ კასპში მივდიოდი, ოღონდ არ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა მე იქითა მხარეს აღმოვჩენილიყავი“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
რაც შეეხება ე.წ. ცხინვალის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, ექიმი ამბობს, რომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობას არ ელოდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ მხოლოდ ფინანსური სასჯელით „ვერ გადარჩებოდა“:
„იმ პოზიციის გამო, რომელიც მე იქ გამოხატული მქონდა. პირველი რაც ვთქვი – რომ მე არ ვაპირებ ამ სასამართლოს შედეგის გასაჩივრებას აქ, მოსამართლეს მივმართავდი – მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მე ამ სიტყვას ვიყენებ იმისთვის, რომ მადლობა გამოვუცხადო იმ ხალხს, ვინც გვერდში დამიდგა ამ მხარეში, სადაც მე არავის ვიცნობდი საერთოდ. ბოლო სასამართლო რომელიც იყო, სადაც უნდა ყოფილიყვნენ წესით და რიგით, რუსი მესაზღვრეებიც დაკითხულები, ადვოკატმა მითხრა, რომ წინა დღეს მოუვიდათ სასაზღვრო ბანაკიდან წერილი, რომ ეს მესაზღვრეები სასწრაფო მივლინებით გადააგზავნეს რუსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ ვერ მოვიდოდნენ სასამართლო სხდომაზე. ამიტომ, როცა მკითხეს, „თქვენ რუსულად ლაპარაკობთ, თარჯიმანი გჭირდებათ?“, მე არ მჭირდება თარჯიმანი იმიტომ, რომ რუსული ენა არც თქვენთვის არ არის მშობლიური-მეთქი. ამაზე ცოტა შეცბა და მოსამართლეო კამათში არ შემოდისო, მაგრამ ეს საკითხავია კიდევ მშობლიური არის თუ არაო“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ექიმის თქმით, მას ჩვენების შეცვლა 3-4-ჯერ სთხოვეს.
„მოტანილი ჰქონდათ უკვე გამზადებული, სადაც ხელი უნდა მომეწერა. მე რომ მაშინვე მეთქვა, საზღვარი მქონდა დარღვეული, სხვები ვინც იყვნენ ჩემთან ერთად დაკავებული, ის ხუთი ადამიანი რომ გამოუშვეს, მეც მეოთხე დღეს გამომიშვებდნენ, 13-ში ან 14-ში. არ მოხდებოდა ჩემი წინასწარი დაკავების საკანში გადაყვანა“, – ამბობს გაფრინდაშვილი.
იგი იზოლატორში მარტო იყო, თუმცა დროებითი მოთავსების დაწესებულებაში ის რამდენიმე ქართველ პატიმარს შეხვდა. ვაჟა გაფრინდაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის პატიმრობის განმავლობაში ყველაზე მძიმე იყო ამ ადამიანებთან შეხვდრა, იმიტომ რომ ისინი ნაცემები იყვნენ, ფიზიკური ძალადობის ნიშნები ჰქონდათ, რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით ვაჟა ექიმმა მოითხოვა, რომ სასწრაფოდ გადაეყვანათ საავადმყოფოში. ექიმის თქმით, უმძიმესი სიტუაცია იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში: ეს იყო მცირე ზომის კამერა, საიდანაც ჰაერი არ შემოდიოდა, პატიმრები გარეთ არ გაყავდათ სასეირნოდ:
„შევყავართ ერთსაწოლიან კამერაში, დაახლოებით ორ მეტრამდე სიგანე და ხუთი მეტრა სიგრძე, ორმაგი გისოსებით ფანჯარაზე, რკინის კარი, სარკმელი, საიდანაც საჭმელს და პურს გაწვდიან, ხარ ამ გარემოში და დაცვა გეუბნება, რომ გზავნილია შენთან ვიღაც ქალბატონისგან… ვისგანაც იყო, იმას არ ვიცნობდი, უბრალოდ მეორე დღეს ექთანმა მითხრა, რომ ეს ანესთეზიოლოგმა შემოგზავნა, როდესაც მოსკოვიდან დაურეკა ექიმმა ლუკიანოვმა, რომელსაც დაურეკა გურამ ქარაზანაშვილმა… ერთ-ერთი პირველი ენერგია ამისგან მივიღე, ჩემთვის პირველი ინფორმაცია, რომ მე საქართველოში ვახსოვარ“, – იხსენებს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ოკუპანტების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა გვერდით დგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
მანამდე გაფრინდაშვილს ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები