მოდა/სილამაზეჯანმრთელობა

ხალხური რეცეპტები პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ – მარტივი და ეფექტიანი

პიგმენტური ლაქები ეწოდება მუქ ოვალურ, ბრტყელ ადგილებს, რომლებიც კანის ზედაპირზე (სახე, ხელები, მხრები) წარმოიქმნება დაახლოებით 40 წლის ასაკის შემდეგ. მათ ღია ან მუქი ყავისფერი შეფერილობა აქვთ. ლაქების გამომწვევი შეიძლება იყოს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება, ჰორმონული და ასაკობრივი ცვლილებები, გარკვეული კოსმეტიკური საშუალებები, ზოგიერთი წამლის უკონტროლო მიღება.

დიდი რაოდენობით პიგმენტური ლაქა კოსმეტიკურ ნაკლად ითვლება. მთავარი საფრთხე ისაა, რომ ისინი შეიძლება ავთვისებიან წარმონაქმნებს ნიღბავდნენ, ამიტომაც სანამ ასაკობრივი ლაქების მოშორებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ისინი ჯანმრთელობის პრობლემების შედეგი არ არის. ამისათვის შეიძლება დაგჭირდეთ ისეთი სპეციალისტების კონსულტაცია, როგორებიც არიან თერაპევტი და ენდოკრინოლოგი, ასევე, გინეკოლოგი (ქალების შემთხვევაში).

პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზი

მოდით, გავერკვეთ, რატომ ჩნდება ისინი სახეზე. უპირველეს ყოვლისა, ჭორფლის, ხალების ან ლაქების რაოდენობა თავად კანის ტიპზეა დამოკიდებული. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენს კანზე. პიგმენტაციის ფერი დამოკიდებულია სამი ნივთიერების თანაფარდობაზე, როგორიცაა: მელანინი, კაროტინი და ჰემოგლობინი. სანამ სახლის პირობებში კანის გათეთრების პროცესს შეუდგებოდეთ, გამოკვლევა ჩაიტარეთ, რათა ლაქების წარმოქმნის მიზეზი გაარკვიოთ. სწორი მეთოდის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ ამ სამი ნივთიერებიდან რომელმა გამოიწვია პიგმენტური ლაქების გაჩენა.

პიგმენტური ლაქების გაჩენის ძირითადი მიზეზებია:

  • ჰორმონული ცვლილებები, ამავე ჯფუგში შედის ორსულობა;
  • ასაკი, კანის დაბერება;
  • არასწორი დეპილაცია (კანის მექანიკური დაზიანება).

პიგმენტაციის მთლიანად მოშორება ძნელია, მაგრამ ხალხურ პრაქტიკაში კანის მნიშვნელოვნად გასათეთრებელი უამრავი განსხვავებული რეცეპტი მოიპოვება. ესაა სამკურნალო მცენარეებით დამზადებული სხვადასხვა ნიღაბი, ლოსიონები, კომპრესები, პილინგები. მათი მეშვეობით სავსებით შესაძლებელია პიგმენტური ლაქები კანზე შეუმჩნევი გავხადოთ, მაგრამ პროცედურების ჩატარება რეგულარულად მოგიწევთ.

რეცეპტები ოხრახუშით

ოხრახუშის გამოყენება სახეზე ასაკობრივი ლაქების მოშორების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია. ოხრახუშის დახმარებით ჩვენი ბებიები იშორებდნენ ლაქებს თვალების გარშემო, შუბლსა და ცხვირზე:

* ოხრახუშისგან სპეციალური საცხი მზადდება. მნიშვნელობა არ აქვს, მცენარის რომელ ნაწილს გამოიყენებთ – ღეროს, ფოთლებსა თუ ფესვს. შერჩეული ინგრედიენტი ერთგვაროვან ფაფად აქციეთ და სახის პრობლემურ ნაწილზე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. ექსპერტები ოხრახუშის ნიღბის შემდეგ მკვებავი კრემების გამოყენებას გვირჩევენ, რათა სახის კანი არ დაზიანდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშრალი კანი გაქვთ.

* თაფლისა და ოხრახუშის შერევით მაღალი ეფექტიანობის მქონე მათეთრებელი საშუალება მიიღება, რომელიც ასაკობრივ ლაქებსა და ჭორფლს შველის. კრემის რეცეპტი წინას მსგავსია, თუმცა მას ერთი პატარა კოვზი თაფლი ემატება. ეს ნარევი შავი წერტილებისგან გათავისუფლებაშიც დაგეხმარებათ; ასევე გირჩევთ მის გამოყენებას ხელებსა და მხრებზეც.

მშრალი კანისთვის ექსპერტები გვირჩევენ ნიღბების გამოყენებას არაჟნის ან ნაღების დამატებით. ასეთი საშუალება არა მხოლოდ გააქრობს პიგმენტებს, არამედ კანსაც კვებავს. ეს მეთოდი ხელს უწყობს შუბლზე ზედაპირული ნაოჭებასთან გამკლავებასაც.

ლიმონის წვენით დამზადებული საშუალებები

* შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი და არაჟანი 1:1 თანაფარდობით. გაიჩერეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. ან ლიმონის წვენი წყლით გააზავეთ შემდეგი თანაფარდობით – 3:1, დაასველეთ ამ ნარევით ბამბის ტამპონი და სახე გაისუფთავეთ 3-ჯერ დღეში.

* საგრძნობ ეფექტს მიიღებთ ოხრახუშისა და ლიმონის წვენის ნარევით. ოხრახუშის ფესვის ნახარში შეურიეთ ლიმონის წვენს, გაიწმინდეთ პიგმენტირებული ადგილები ასევე დღეში სამჯერ.

* თუ ლაქები დიდი რაოდენობითაა, გამოიყენეთ კარტოფილის სახამებლისა და ახალგამოწურული ლიმონის წვენის ნარევი. მიღებული მასა წაისვით სახეზე ძილის წინ, ნახევარი საათის განმავლობაში გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თეთრი თიხის ნიღაბი ლაქების წინააღმდეგ

თეთრი თიხა კანის გათეთრების ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა. ის შეუმჩნეველს ხდის პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლს, აშრობს გამონაყარს და კანს ზედმეტი ცხიმიანობით გამოწვეულ სიპრიალეს აცილებს. სახლის პირობებში თეთრი თიხისგან შეგიძლიათ შემდეგი ნიღბების მომზადება:

* 1/2 ს. კ. თეთრი თიხა გააზავეთ ლიმონის წვენით სქელი არაჟნის კონსისტენციამდე. წაისვით პიგმენტირებულ ადგილებზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

* პომიდორს გააცალეთ კანი და თესლი, გახეხეთ და შეურიეთ 1 ს. კ. კოსმეტიკური თიხა. წაისვით და 10-15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

* შეურიეთ 1 ს. კ. თეთრი თიხა 2 ს. კ. იოგურტს ან მაწონს, დაუმატეთ ცოტაოდენი პომიდვრის წვენი. ნარევი სახეზე 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

კანის გასათეთრებელი სხვა რეცეპტები

შემდეგი რეცეპტები, ასევე, დაგეხმარებათ პიგმენტურ ლაქებთან გამკლავებაში:

* ხახვის წვენი. ყოველ საღამოს წაისვით ლაქებზე გაჭრილი ხახვი. შედეგი არ დააყოვნებს.

* კარტოფილის ნიღაბი. გახეხეთ 1 უმი კარტოფილი, დაუმატეთ 1 ს. კ. რძე, დაფქული ნუში და ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთი. ნარევი გაიჩერეთ კანზე 15-20 წუთის განმავლობაში.

* სახამებლის კომპრესი. 1/2 ს. კ. კარტოფილის სახამებელი გააზავეთ ლიმონის წვენით სქელი არაჟნის კონსისტენციამდე და წაისვით პიგმენტურ ადგილებზე. 30 წუთი გაიჩერეთ. ეს შემადგენლობა იდეალურია მშრალი კანისთვის.

* ნიღაბი კვერცხითა და თიხით. 1 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 10 გ ლურჯი თიხა. წაისვით და ნახევარი საათი გაიჩერეთ. მისი გამოყენება ყოველდღიურად შეგიძლიათ.

* ნუშის პილინგი. დაფქული ნუში შეურიეთ შვრიის ფქვილს თანაფარდობით 1:1, დაუმატეთ 1 ჩ. კ. რძის ფხვნილი, შემდეგ კი – იმდენი თბილი წყალი, რომ სქელი არაჟნისნაირი მასა მიიღოთ. ამ პილინგის გაკეთება კვირაში 2-ჯერ შეიძლება.

რომელ კოსმეტიკურ საშუალებებსა და მედიკამენტებს უნდა მოერიდოთ

არსებობს მთელი რიგი კოსმეტიკური საშუალებები და მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენა გააქტიუროს ანუ მათი ზეგავლენით პიგმენტაცია უფრო ინტენსიური ხდება. ექიმები მათ ფოტოსენსიბილიზატორებს უწოდებენ.

მედიკამენტებს შორის, პირველ რიგში, ესენია:

  • ანტიბიოტიკები
  • ტეტრაციკლინის რიგის პრეპარატები
  • სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
  • ორალური კონტრაცეპტივები
  • ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატი

რაც შეეხება კოსმეტიკურ საშუალებებს, მკურნალობის დროს მოგიწევთ დაივიწყოთ ისეთი ცნობილი ფოტოსენსიბილიზატორები, როგორიცაა: სტაფილო, ჭარხალი და ციტრუსები.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close