საზოგადოებაინტერვიუსაქართველო

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება

ჟურნალ „ველური ბუნების“ რედაქცია ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა მის დამოკიდებულებაზე ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრების თემაზე. მისი მოსაზრებები ბევრ აქტუალურ საკითხზე საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

ბუნების როლი და მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში და რა შეიცვალა დღევანდელ რეალობაში?

საუკუნეების განმავლობაში ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება თანაბარზომიერი იყო, ადამიანი სარგებლობდა ბუნებრივი რესურსებით, თუმცა ბუნების თვითაღდგენის უნარი არ ჩამორჩებოდა ადამიანის განვითარებას. ხოლო უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, ხოლო ბუნების არეალი და რესურსები, პირიქით, მცირდება. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ, შესაბამისად, წარმოების ზრდამ და ბუნებრივი რესურსების დიდი ოდენობით ათვისებამ განსაკუთრებით დააყენა დღის წესრიგში ბუნების მოფრთხილებისა და მასზე ზრუნვის საკითხი.

ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი და კაცობრიობა ამას თუ არ მიხედავს, მივიღებთ ახალი ტიპის კატასტროფას.

გასაგებია, რომ ცალკეული სახელმწიფოები ზრუნავენ, რომ მათი ეკონომიკა გაიზარდოს და დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის,ჩვენც, მაგრამ შედეგად ვიღებთ ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანსს და გახშირებულ კატასტროფებს.

თანამედროვე მსოფლიოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება მომავალი თაობებისთვის და არსებობის კეთილდღეობა არ შევუზღუდოთ ადამიანს. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც დემოკრატიული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია.

ამაზონის ხანძრებმა დღეს მთელი მსოფლიო შეძრა, ბევრი სახელმწიფო და ფიზიკური პირი ჩაერთო ამაზონის ტყის ხანძრებთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის, ჩვენმა ოჯახმაც იაქტიურა, რათა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ტყის გადასარჩენად.

მე მზად ვიყავი და ახლაც მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაზიანებული ტყის მასივების აღდგენის საქმეში. აქვე აღვნიშნავ, რომ საზოგადოებრივი აქტივობა მაღალი იყო, თუმცა ბატონმა თემურმა შესაბამისი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე ეროვნული პარკის კონკრეტულ ადგილებზე  ჩარევისგან თავის შეკავება მირჩია.

თემურ ტყემალაძე: ბატონო ბიძინა, საქვეყნოდ ცნობილია თქვენი დამოკიდებულება და ღვაწლი მსგავსი პროექტების მიმართ, დენდროლოგიური პარკი საშვილიშვილო საქმეა და ამას მომავალი თაობები აუცილებლად შეაფასებენ შესაბამისად. აქაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა სატყეო დარგის ექსპერტების დასკვნებმა მიგვითითეს, რომ იმ კონკრეტულ ლოკაციებზე ტყის თვითგენერირების პროცესი მიმდინარეობდა და ჩარევისგან თავის შეკავება გვირჩიეს.

რა თქმა უნდა, დარგის ექსპერტების მოსაზრებები და დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, თუმცა ამ მიმართულებით გამოყოფილ თანხებს ჩვენ აუცილებლად დავხარჯავთ, რაც უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა (ხანძრები რუსეთსა და ბრაზილიაში) მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დააფიქრა ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. რა გამოწვევების წინაშე დგას ამ კუთხით საქართველო?

ჩვენი ქვეყნის 40% დაფარულია ტყით და ეს არის რესურსი, რომელსაც სწორად გამოყენება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გასული წლების განმავლობაში უსისტემოდ ხდებოდა ტყის რესურსების ათვისება, სახელმწიფოს არ ჰქონდა ხედვა, თუ როგორ უნდა მიეღო ეკონომიკური სარგებელი ამ რესურსის სწორად ათვისებით. წლების განმავლობაში არ ხდებოდა ტყეებში არსებული რესურსის შესწავლა, არც მისი აღდგენა და დაცვა. ამგვარმა მიდგომებმა საკმაოდ დააზარალა სატყეო სექტორი, სრულიად მოიშალა ტყის მართვის სისტემა ქვეყანაში, არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვინ რა ოდენობის რესურსს იყენებდა და როგორი იყო ამის პარალელურად ჩვენი ტყეების თვითაღდგენის უნარი, შედეგად ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ამ მიმართულებით.

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა ტყეზე ზრუნვა, თუმცა დიდი მიღწევებით ჩვენც ვერ დავიკვეხნით, რადგან ტყის ბარბაროსული ჭრა კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ გაძლიერებული კონტროლის გამო ხე-ტყის უკანონო ჭრის მასშტაბები შემცირებულია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამაში ბატონი თემურიც (ტყემალაძე) დამეთანხმება, ჩემთვის ცნობილია მისი თავდადება ჭალის ტყეების გადასარჩენად, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევა არის საჭირო და ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომლიდანაც უმთავრესი არის ტყის სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც შესაძლებელი გახდება ახალი სატყეო კოდექსის მიღებით, რომელსაც პარლამენტი იხილავს.

უფრო რომ განვაზოგადო ჩვენი დამოკიდებულება ტყისა და ზოგადად ბუნების მიმართ, ქართველები ვამაყობთ ჩვენი ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით, თუმცა ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს – ეს სწორედ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ბუნებისათვის ველურობის შენარჩუნების მიზეზი არა ჩვენი გარემოსდაცვითი მენტალიტეტია, არამედ ის, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი მიმართულებით ჩამოვრჩით განვითარებას, მათ შორის, ინდუსტრიულ განვითარებას და შესაბამისად, „ვერ მოვასწარით“ მეტის გაფუჭება.

უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ვცდილობ მდინარეებისა და ზღვის სანაპიროს გასუფთავებას, თუმცა არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში ეს ვერაფრით მოვახერხე, რადგან მოსახლეობის პრიორიტეტები განსხვავებულია. შესაბამისად, მხოლოდ ეკონომიკის განვითარების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განათლების ამაღლებით არის შესაძლებელი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება.

სად გადის ზღვარი კაცობრიობის განვითარებასა და ველური ბუნების შენარჩუნებას შორის? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენნაირმა ქვეყანამსოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოახერხოს წიაღისეულის მოპოვებაჰიდროელექტროსადგურების აშენება და სხვა, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი საქმიანობების წარმოება, ისე რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოსთვის მიყენებული ზიანი?

თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ ჩემი პასუხი, მაგრამ ეკონომიკური საქმიანობების გარეშე შეუძლებელია იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ამ თუ იმ საზოგადოების ძირითადი სოციალური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, ასევე, ბუნებრივი რესურსების მოპოვება, თუმცა ეს უნდა მოხდეს გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით.

ჩვენ არ ვართ ჰესების ან, ზოგადად, მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ საჭიროა დავიცვათ საერთაშორისო სტანდარტები როგორც გარემოსდაცვითი, ისე უსაფრთხოების კუთხით.

გეთანხმებით და ამისთვის აუცილებელია წინასწარ შეფასდეს ყველა საქმიანობა, გარემოზე მისი მოსალოდნელი ზემოქმედება და თუკი შესაძლებელია, თავიდან იქნას აცილებული ზიანი, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების  წინასწარი შეფასებების საფუძველზე, დარგობრივი ექსპერტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სამწუხაროდ, დღეს ბევრი „ვაი პატრიოტი“ ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებითი ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა, უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება, პარალელურად თუ არ მოხდა სხვა ენერგიების განვითარება.

ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია და სწორედ მაგიტომ ვუწოდებ მე იმ ხალხს „ვაი პატრიოტებს“, ვინც ყველაფერს აკეთებს, ოღონდ არაფერი აშენდეს. სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და ამ კუთხით ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის.

გადავხედოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, მაგალითად ნორვეგია ელექტრომომარაგების 99%-ს ჰიდრორესურსებით იღებს და მიუხედავად არც თუ ისე დიდი ტერიტორიისა, წამყვანი პოზიციები უჭირავს არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოწინავე პოზიციებზე არიან დაახლოებით ჩვენი ზომის სხვა ევროპული ქვეყნებიც, როგორიცაა შვეიცარია და ავსტრია.

იზრდება ეკონომიკა და, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნილება ენერგიაზეც. ხელისუფლების ვალდებულებაა განავითაროს ამ მიმართულებით შესაძლებლობები. ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს და უნდა გავითავისოთ სწორი პროექტირების პრინციპები. ის, რაც მოხდა ბაკურიანის ან გუდაურის განვითარებისას, მოითხოვს სწორ ანალიზს და დაშვებული შეცდომების გააზრებას. აბასთუმანის შემთხვევაში ვცდილობთ პროექტირებას მეტი დრო დავუთმოთ და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგზეც აისახება.

საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობი და გაზი, თუმცა რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რათა წინასწარ იყოს დაგეგმილი იმ ადგილების რეაბილიტაცია/რეკულტივაცია, რაც წიაღის მოპოვების შემდგომ ისევ მოსახლეობის სამსახურში დააბრუნებს ამ მიწებს.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, ასევე ტურიზმის განვითარების ჭრილში, ეკოლოგიურად სუფთა გარემო საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ხდება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტირა პოტენციალი და პერსპექტივები აქვს საქართველოს ამ კუთხით?

ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ამ კუთხით, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიყენებთ მინიმუმს.

ჩვენი საკურორტო სივრცეები გამორჩეულია არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიოში. ეს არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა. ამის მაგალითია აბასთუმანი, რომელიც მთელ კავკასიაში გამოირჩევა თავისი სამთობალნეოლოგიური ფუნქციით, რომლის ანალოგიც ძალზედ ცოტაა არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამგვარი კურორტების სწორად განვითარება, რომ შევინარჩუნოთ ეკოლოგიური სიმდიდრე, რაც მათ აქვთ და, ამავდროულად, შევძლოთ ეკოტურიზმის განვითარება, რაც, თავის მხრივ, დადებით ასახვას პოვებს, პირველ რიგში, იმ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე, მეორე მხრივ კი, საშუალებას გვაძლევს, დავიცვათ ჩვენი ბუნება.

რაც შეეხება ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ჩვენი ზომის ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაციონალურად და ოპტიმალურად არ გამოიყენოს არსებული მიწის რესურსი. ამ მხრივ, ჩვენ გვჭირდება ცოდნის გაღრმავება, რათა საბოლოო ჯამში ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რაზეც მუდმივად იზრდება მოთხოვნა განვითარებულ ქვეყნებში. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გვყავს, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და მომავალში კიდევ უფრო მეტი პროგრამა ამუშავდება, რათა გავზარდოთ ჩვენი ფერმერების და გლეხების ცოდნა და შესაძლებლობები, რაც მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ფასზეც აისახება.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც იტყვიან, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და საქართველოს ჩამორჩენა ინდუსტრიული განვითარების კუთხით საშუალებას გვაძლევს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მარტივად მოვახერხოთ ეკოლოგიაზე ორიენტირებულ ინდუსტრიაზე გადასვლა. მრეწველობა უნდა შეიქმნას და განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს.

ქვეყანაში ბოტანიკური და დენდროლოგიური პარკების განვითარებაში თქვენი როლი საქვეყნოდ ცნობილია, იგეგმება არაერთი მსგავსი სივრცის შექმნა; მიმდინარე ურბანიზაციის პირობებში რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის სიახლოვეს ბუნებასთან?

ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალონ პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია – ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ. ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით.

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასიათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს.

დაბოლოსვაჟა-ფშაველას სიტყვებია: „გაძლება გვმართებს, ბუნება რასაც დაგვადებს ხარკადა!“ გვიხდის თუ არა ბუნება სამაგიეროს ჩვენ მიერვე ჩადენილი ქმედებების გამო?

ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები, რა თქმა უნდა, ადამიანების დაუფიქრებელი ქმედებების შედეგია. თუ ჩვენ სათანადოდ არ მოვუვლით ჩვენს ბუნებას და გარემოს, სწორად არ ვიფიქრებთ  მის დაცვაზე, აღდგენაზე და მხოლოდ ორიენტირებულები ვიქნებით ბუნებით სარგებლობაზე, ეს ჩვენ თუ არა, ჩვენს მომავალ თაობებს აუცილებლად დააზარალებს. ამიტომ არის ბუნებაზე ზრუნვა განგრძობითი პროცესი და იგი უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის. სხვაგვარად, ეს შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს.

აქვე აღვნიშნავ, რომ თქვენი ჟურნალი ამ კუთხით ფასდაუდებელ სამუშაოს ეწევა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. წარმატებებს გისურვებთ და მიგულეთ თქვენ გვერდით.

ინტერვიუ ჩაწერა გოჩა კობერიძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close