ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებასაქართველო

პრემია „საბას“ 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს მთავარი ლიტერატურული პრემიის – „საბას“ წლევანდელი გამარჯვებულები 8 დეკემბერს, საღამოს გამოვლინდნენ. წელს ჯილდო 8 ნომინაციაში გაიცა: 
  1. საუკეთესო რომანი – აკა მორჩილაძე „კუპიდონი კრემლის კედელთან“
  2. საუკეთესო პოეტური კრებული – ზაზა ბიბილაშვილი „ფაზლი“
  3. საუკეთესო პროზაული კრებული – ზაალ სამადაშვილი „ოსტატთან შეხვედრა“
  4. საუკეთესო პიესა – ალექსანდრე ლორთქიფანიძე „დისტოპიესები“
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“
  6. საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – სულხან სალაძე „უცნობი ძველი აჭარა“
  7. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ნანა ტონია თარგმანისთვის ევრიპიდეს „ჰეკაბე“ და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის ვირჯინია ვულფის „ორლანდო“
  8. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს

წელს „საბას“ ჟიურიმ ვერ გამოავლინა შესაფერისი კანდიდატები წლის საუკეთესო კრიტიკის ნომინაციისთვის და მისთვის განსაზღვრული ჯილდო, ჟიურის გადაწყვეტილებით, ორ სხვა ნომინაციაზე განაწილდა. ნომინაციაში „ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“ დაჯილდოვდა ნინო ლომაძის „ვაშლის ბაღები” და ნომინაციაში „ლიტერატურული დებიუტი“ – გიორგი მასხარაშვილი „14 კრისტალის თეორია”.

წელს კონკურსში 300-მდე პრეტენდენტი მონაწილეობდა, ერთი თვის წინ „საბას“ ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა და დაჯილდოების ცერემონიალზე სწორედ მათგან გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

„საბას“ ლაურეატებმა სპეციალურ პრიზთან ერთად წელს გაზრდილი ფულადი ჯილდო მიიღეს: 6 000 ლარი (4 000 ლარის ნაცვლად).

პრემია „საბას“ 2019 წლის ჟიურის წევრები იყვნენ: თეა თოფურია, გიორგი კეკელიძე, რუსუდან რუხაძე, ხათუნა ცხადაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი.

მე-17 საზეიმო დაჯილდოების ცერემონიას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა.

გამარჯვებული წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.

ინფორმაციისთვის: ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნეს „თიბისიმ“ და რატი ამაღლობელმა.

პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემია „საბაზე“ განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე, ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.

ლიტერატურული პრემია „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. წლის საუკეთესო რომანი
  2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  4. წლის საუკეთესო პიესა
  5. წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემია, რომელსაც „თიბისი“ გასცემს.

კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც იმ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close