ქართველმა მოსწავლეებმა რუსეთის ჩემპიონატზე პროგრამირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს
30 ნოემბერს დასრულდა რუსეთის ღია გუნდური ჩემპიონატი პროგრამირებაში სკოლებს შორის, რომელშიც ყოფილი სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი ყველა ქვეყნის სკოლა მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე დაშვებული იყო 252 გუნდი. ხუთსაათიანი დაძაბული შეჯიბრის შემდეგ მეორე ადგილი და ოქროს მედლები (ოქრო სულ 4 გუნდს გადაეცემა) დაისაკუთრა კომაროვი-მზიურის პირველმა გუნდმა ნიკოლოზ ბირკაძის, თეიმურაზ თოლორაიას და არჩილ ბასაძიშვილის შემადგენლობით. ამ შეჯიბრში ასეთი მაღალი ადგილი ქართულ გუნდს ჯერ არ დაუკავებია.
„ათეულში ერთადერთი არარუსული გუნდი ვართ“, – წერს გუნდის მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი სოციალურ ქსელში:
„ვიცი, შეიძლება ზოგმა მისაყვედუროს, რუსულ ჩემპიონატში რატომ მონაწილეობთო. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, გარკვეული სტიმულია სწორედ რუსებისთვის იმის ჩვენება, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ, ტოლს არავის ვუდებთ და, რაც მთავარია, ვვითარდებით მათი დახმარების გარეშე, რომ ჩვენ მარტო ცეკვა და ჭიდაობა არ გვეხერხება და ინტელექტიც მოგვდევს. დღეს ათასობით რუსი ნახავდა ამ შეჯიბრს, ყველა მიაქცევდა ყურადღებას ლიდერებში მყოფ ქართულ გუნდს და მე ეს კარგი მგონია მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაწილი დაიბოღმებოდა კიდეც და ალბათ ჩაიბუზღუნებდა: „წყეული ქართველები… ეტყობა არასაკმარისად დავბომბეთ 2008-ში“, – წერს ბიჭების მწვრთნელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარები