სტრასბურგში საქართველოს დროშა აღიმართა – პირველად ისტორიაში საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყანა გახდა (ვიდეო)
სტრასბურგში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, დროშა აღიმართა.
დროშის აღმართვის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
მოედნამდე მათ სპეციალური ტრამვაით იმგზავრეს, რომელიც ქართული ანბანითა და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის გაფორმებული.
ცერემონიის ფარგლებში გაიჭრა სიმბოლური ლენტი და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
საქართველო დღეიდან, 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.
ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს ოთხი პრიორიტეტი აქვს განსაზღვრული: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
კომენტარები