პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილის „პროვოკაცია“ ამჯერად აქციებს დაუკავშირა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად „საზღვარზე მომხდარ პროვოკაციას საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს“ უკავშირებს.

„ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორების და, ასევე, ოფიციალური თბილისის მცდელობები, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილით ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები და საკუთარი შიდა რეიტინგის გასაუმჯობესებლად ზეწოლა მოახდინონ რესპუბლიკის ხელისუფლებაზე, უპერსპექტივოა“, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს, 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, ხელთ აქვს ცნობები და „ობიექტური კონტროლის მონაცემები“, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევა იყო „კარგად მომზადებული და წინასწარ დაგეგმილი“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ნოემბრის დასაწყისში ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვარგარეთ მივლინების დროს იმყოფებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მათ შორის, ესტონეთში და 4 ნოემბერს დაბრუნდა თბილისში, სადაც 5-8 ნოემბერს პაციენტებს იღებდა კლინიკა „მედიქლაბ-ჯორჯიაში“.

ამავე განცხადების მიხედვით, 6 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 21 ათასი ლარი, ხოლო 8 ნოემბერს რამდენიმე პაციენტთან სატელეფონო საუბრისას მათ აცნობა, რომ შაბათ-კვირას თბილისში არ იქნება და მიღებას ორშაბათს, 11 ნოემბერს განაახლებს. ე.წ. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა სამი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერიც.

ამავე განცხადების მიხედვით, 9 ნოემბერს, დილის 10 საათზე ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისში, რესტორან „ვენდისთან“ შეხვდა თავის კოლეგა ირაკლი კარტოზიას და მასთან ერთად ტაქსით გაემგზავრა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსკენ, საიდანაც უკვე ე.წ. საზღვარი გადაკვეთა „ლენინგორის რაიონის“ სოფელ მონასტერთან და ამის შესახებ ტელეფონით კარტოზიას აცნობა.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილი მალევე დააკავეს, დაკითხვის დროს მან თქვა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან მონასტრის ეკლესიაში მისვლა სურდა, თუმცა თავისი რელიგიური შეხედულებები და მრწამსი გასაგებად ვერ განმარტა: „ასევე, გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვებისთვის პარტიული კუთვნილების შესახებ და განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მომხრეა, საზღვრის დარღვევას განიხილავს საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების კანინიერი უფლების განხორციელებად, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს – ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლებას იტოვებს აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი „ამ ფაქტების და გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, ქართულ და დასავლურ მედიაში გაჩაღებული ისტერიის გათვალისწინებით, პროვოკაციას პირდაპირ უკავშირებს საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს“.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს, თბილისში საპროტესტო აქციები კი 14 ნოემბერს დაიწყო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერსაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

ამ განცხადებაში, ვაჟა გაფრინდაშვილის და სხვა მოქალაქეების მიერ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გახშირებული შემთხვევები“ მოხსენიებული იყო, როგორც „ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტები, რაც მიმართულია ცნების – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის განადგურებისა და 2008 წლის აგვისტოს მთავარი პოლიტიკური შედეგების რევიზიისკენ“.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close