რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

1335 წლის ხე – სვანურ უთხოვართა ასაკი შეისწავლეს

არასამთავრობო ოგანიზაცია „სენმა“ ხაიშის ტყეში უთხოვარების ასაკი შეისწავლა. ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხეების წლოვანება ათასწლეულზე მეტია.

იშვიათი ხეების ასაკის დასადგენად ცხრა უთხოვარიდან ადვილად მისადგომი და ყველაზე საღ მდგომარეობაში მყოფი სამის ღერო ილიას უნივერსიტეტის ლაბორატორიაში წაიღეს. ერთი ხის საშუალო ასაკი 1005 წლით განისაზღვრა, მეორის – 888-ით, მესამისა კი – 1335 წლით. ყველაზე „ასაკოვანი“ უთხოვარი, შესაძლოა, 1550-1650 წლისაც იყოს.

რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი:„რაც ვნახეთ, 9 გოლიათი ხეა. არის სხვა უფრო ნაკლები ასაკის ხეებიც. ყველაზე დიდის გარშემოწერილობა 4 მეტრზე მეტია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთგვარი აღმოჩენაა, რადგან 1600 წელზე ხნიერი ხე ბევრი არ არის. გარდა იმისა, რომ ამას სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, ტურისტებისთვისაც საინტერესოა. თან ძნელად მისადგომიც არ არის, სოფელ მარღიდან 500 მეტრშია. შეიძლება ის ტერიტორია ისე მოეწყოს, რომ დამთვალიერებლისთვის მიმზიდველ ადგილად იქცეს. ამაზე დიდხნოვანი ეგზემპლარები დასავლეთ საქართველოში არ გვაქვს. ეს ხეები ორჯერ უფრო ძველია, ვიდრე თელავის ცნობილი ჭადარი“.

„სენის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში უთხოვარი თითქმის ყველგან იზრდება, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა. ამ ხის მერქანი მკვრივი, წყალგამძლე და ულპობელია. მისი ბოძები საუკუნეების მანძილზე მიწაშიც არა ლპება და ფერსაც არ იცვლის. გულის სიწითლის გამო უთხოვარს წითელ ხესაც უწოდებენ. განსაკუთრებით ძვირად ფასობს 250 წელზე მეტი ხნის უთხოვარი. ის ძალიან ნელა იზრდება, რის გამოც, როგორც რელიქტური ორგანული სამყაროს წარმომადგენელი, თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში ევოლუციურ ჩიხშია მოქცეული და გადაშენების გზას ადგას.

კარლო ამირგულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი: „უთხოვარი უნიკალური სახეობაა. მისი ასაკი 4 ათას და ზოგჯერ მეტ წელსაც აღწევს. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი მოჭრეს, მისგან გემებს ამზადებდნენ. წითელ წიგნშია შეტანიალი როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში“.

„სენი“ გეგმავს უთხოვარებთან დაკავშირებით რეგიონის მთავრობასა და ადგილობრივ სატყეო სამსახურთან მოლაპარაკება გამართოს. ორგანიზაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ხეები შეიძლება ადგილობრივი ტყეების სავიზიტო ბარათად იქცეს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close