საბერძნეთი ცვლის კანონმდებლობას თავშესაფრის მინიჭების შესახებ: რა ბედი ელით საქართველოს მოქალაქეებს?
საბერძნეთის პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომელიც ლტოლვილთათვის თავშესაფრის მინიჭების ახალ წესს განსაზღვრავს. აღნიშნული კანონპროექტი მოქალაქის დაცვის სამინისტრომ წარადგინა და მის მიზანს ქვეყანაში დევნილებისა და მიგრანტების საკითხის მოგვარება წარმოადგენს.
ახალი კანონით, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შევა ძალაში, დაჩქარდება ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა განცხადებების განხილვა. ისინი, ვისაც ასეთი სტატუსი მიენიჭებათ, ქვეყანაში ბინადრობის უფლებას მიიღებენ. ბინადრობის უფლების თავდაპირველი ხანგრძლივობა იქნება სამი წელი გადავადების უფლებით. ამავე დროს, მათ სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სამაგიეროდ, უარის შემთხვევაში მარტივდება დეპორტაციის პროცედურა. რეალურად, ლტოლვილის სტატუსზე უარყოფითი გადაწყვეტილება დეპორტის ტოლფსი იქნება. ამას გარდა, ლტოლვილების დიდი ნაწილი სპეციალურ ცენტრებში განთავსდება, ხოლო სხვებს ქვეყანაში გადაადგილება შეეზღუდებათ. აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობა ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას გამოიწვევს.
საგულისხმოა, რომ ახალი კანონის 46-ე მუხლი ხელისუფლებას ნებას აძლევს, ზოგიერთ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსოს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი. თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მოქალაქე თავდაპირველად 50 დღით იქნება თავისუფლებააღკვეთილი. ეს ვადა მაქსიმუმ 18 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.
ახალი კანონით, მიგრანტებს, რომლებსაც ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებენ, მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეეძლებათ შრომითი საქმიანობის დაწყება. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით მათ ეს უფლება ბინადრობასთან ერთად ეძლეოდათ.
საგულისხმოა, რომ საბერძნეთის მთავრობის აზრით, ქვეყანაში ბოლო დროს შემოსული მიგრანტების უმრავლესობა ეკონომიკური მიგრანტია და არა ლტოლვილი. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის მოქალაქეებზე თავშესაფარი არ გაიცემა. აღნიშნული მიდგომა, დიდი ალბათობით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ე. წ. ასილოს აღების შანსს მინიმუმამდე შეამცირებს.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები