გერმანიის ეკონომიკის მინისტრი სცენიდან ჩასვლისას ჩავარდა და გონება დაკარგა (ვიდეო)
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი პეტერ ალტმაიერი (PETER ALTMAIER) სამიტზე სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, სცენიდან ჩასვლისას კიბიდან ჩავარდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მინისტრმა თავის ღია ტრავმა მიიღო, სასწრაფო-სამედიცინი დახმარების ბრიგადამ იგი დორტმუნდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. 61 წლის მინისტრმა დაცემისას გონება დაკარგა, თუმცა შემდეგ იგი გონზე მოვიდა.
ინციდენტი ქალაქ დორტმუნდში, ციფრული ეკონომიკის სამიტზე დღეს, 29 ოქტომბერს მოხდა.
შემთხვევის შემდეგ ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირება შეწყდა. დასახმარებლად მოსული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის სანიტრებმა მინისტრსა და დამსწრე საზოგადოებას შორის შავი ფარდა ჩამოაფარეს. სამიტის მონაწილეებს დარბაზი დაატოვებინეს.
ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია გერმანელი მაღალჩინოსნის მიერ მიღებული დაზიანებები. როგორც ეკონომიკის მინისტრის პრესმდივანმა განაცხადა, პეტერ ალტმაიერმა ღონისძიების ფარგლებში დღის მეორე ნახევარში დაგეგმილი გამოსვლა გააუქმა.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ანეგრეტ კრანტ-კარენბაუერმა თანაპარტიელ მინისტრს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„რა საშინელებაა! ძვირფასო პეტერ ალტმაიერ, გისურვებ გამოჯანმრთელებას და რაც შეიძლება მალე ისევ ფეხზე დადგომას“, – დაწერა მან ტვიტერზე.
კომენტარები