ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე ვახტანგ კახიძე საკუთარი ნაწარმოებით წარდგა (ვიდეო)
მილანში, ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე ვახტანგ კახიძე საკუთარი ნაწარმოებით წარდგა.
ლა სკალას თეატრის კამერულმა ორკესტრმა შეასრულა კახიძის ნაწარმოები ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის – Bruderschaft, რომელიც 1996 წელს შეიქმნა.
კონცერტის დირიჟორი იყო სერგეი სმბატიანი, მაესტრო ვახტანგ კახიძე კი, ლა სკალას კამერულ ორკესტრთან და სოლისტ სიმონიდე ბრაკონისთან ერთად, იტალიელი მსმენელის წინაშე პაინისტის ამპლუაში წარდგა.
აღნიშნული ნაწარმოები ლა სკალას კამერულმა ორკესტრმა წელს ფესტივალ „შემოდგომის თბილისზე“ შეასრულა.
1tv.ge
ინფორმაციისთვის: ლა სკალას კამერული ორკესტრი თავის ისტორიას 1982 წლიდან ითვლის. ორკესტრი მილანის ორი დიდი ორკესტრის – ლა სკალას თეატრისა და ლა სკალას ფილარმონიული ორკესტრების მუსიკოსებისგან შეიქმნა. კამერული ორკესტრი მუდმივად მართავს კონცერტებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების სცენებზე.
ვახტანგ კახიძე გამოჩენილი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის შვილია. იგი 1959 წელს დაიბადა თბილისში (23 მარტს მაესტრომ 60 წლის იუბილე იზეიმა). ვახტანგ კახიძე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ–კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია. იგი არაერთი პრემიის მფლობელია.
კომენტარები