პოლიტიკასაზოგადოებაnewsსაქართველო

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, დღეს, 12 სექტემბერს, დააფუძნა. ხაზარაძის თქმით, მათი მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა.

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა.

აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის „მშობლიურო ჩემო მიწავ“ ერთი სტროფი წაიკითხა. ამასთან, განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება „ლელო“.

„ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონის ლექსმა. ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება – ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა, ჩვენს ქვეყანას პერსპeქტივა არ აქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, 12 ლიდერს ყველა სფეროში ეძებს.

„მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია, 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს. 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს: ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, პრეზენტაციაზე ხაზარაძემ ანაკლიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის და სწორედ აი აქედან, უნდა ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე, რომელიც ანაკლიაში გაიმართა.

შეგახსენებთ,რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close