იტალიაპოლიტიკასაზოგადოება

ჯუზეპე კონტე იტალიის ახალი მთავრობის ფორმირებას 4 სექტემბრამდე აპირებს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე, რომელსაც ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება დაევალა, აპირებს, თავისი ამოცანა 4 სექტემბრამდე შეასრულოს. მანამდე „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ თავის წევრებს შორის ჩაატარებს გამოკითხვას დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობის თაობაზე – ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.

კერძოდ, ხვალ, 3 სექტემბერს „ვარსკვლავებს“ შორის ჩატარდება ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა – პარტიის წევრები უპასუხებენ შეკითხვას, არიან თუ არა თანახმა, რომ უპარტიო კონტეს ხელმძღვანელობით კოალიცია შექმნან დემოკრატებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ამ ორ პარტიას შორის, მიუხედავად ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებისა, უამრავი იდეოლოგიური განსხვავება არსებობს.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ორმა პარტიამ შეთანხმებას 28 აგვისტოს, დღის ბოლოს მიაღწია. ასე რომ, თუ ისინი ახალ კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებენ, იტალიაში დღეისათვის ყველაზე პოპულარული პარტია – „ლიგა“ (ბოლო მონაცემებით მისი რეიტინგი 38%-ს აჭარბებს) მთავრობის გარეთ დარჩება და ოპოზიციაში გადავა.

მოქმედ პარლამენტში ახალი უმრავლესობის ფორმირება მოხდება ლიბერალური დემოკრატიული პარტიის (რომელიც 2013-2018 წლებში იყო ქვეყნის სათავეში) და „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ მიერ, რომელიც წინა სამთავრობო კოალიციაში შედიოდა „ჩრდილოეთის ლიგასთან“ ერთად.

სავარაუდოა, რომ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს ახალ კოალიციურ მთავრობას, რადგან მოქმედ პარლამენტში ორივე პარტიას ერთად მანდატების 50%-ზე მეტი აქვთ, თუმცა დღეისათვის მათი ერთობლივი რეალური რეიტინგი დაახლოებით 40%-ია.

„ლიგის“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ კოალიციის დაშლის შემდეგ ქვეყანაში შესაძლებელი იყო ვადამდელი არჩევნების ჩატარება (რა მიზანიც ჰქონდა სალვინის, რომელმაც კოალიციის დაშლის ინიცირება მოახდინა), თუმცა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ (რომელსაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება) არჩევნები არ დანიშნა: ერთი ვერსიით, რათა არ „დაეხარჯათ „შემოდგომის დრო“, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებას სჭირდება, მეორე ვერსიით, რათა არ დაეშვა „ლიგის“ და სხვა მემარჯვენე პარტიების მოსვლა ქვეყნის სათავეში და მატეო სალვინის პრემიერმინისტრობა.

რაც შეეხება თავად სალვინის, რომელმაც ეს შესაძლებლობა სათანადაოდ ვერ შეაფასა (ასეთი სცენარის განვითარება ხელს ნამდვილად არ აძლევს), მან 29 აგვისტოს თავის Twitter-ზე მასშტაბური მიტინგი დააანონსა, რომელიც რომში 19 ოქტომბერს გაიმართება. მისი სიტყვებით, აქციის მონაწილეები ამგვარად გამოხატავენ პროტესტს მთავრობის ფორმირების წინააღმდეგ, რომლის აქტუალური ერთობლივი რეიტინგი 40%-ს არ აჭარბებს.

მოქალაქეთა უმეტესობა უკმაყოფილოა იმით, რომ იტალიის ახალი მთავრობა „პარიზსა და ბრიუსელში დაიბადა“, – აღნიშნა სალვინიმ და, ამგვარად, მიანიშნა იმაზე, რომ, მისი აზრით, იტალიის ახალი მთავრობა დაიცავს ევრობიუროკრატების და არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს.

დღეს, 2 სექტემბერს Radio24-თან ინტერვიუში მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ თუ ლიბერალები და „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებენ ჯუზეპე კონტეს მეთაურობით, რეალურად, ამ მთავრობას ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი უხელმძღვანელებენ.

მან გაიხსენა, რომ კონტემ, რომელიც მაშინ „ლიგის“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ კოალიციურ მთავრობას ხელმძღვანელობდა, „რჩევა“ ჰკითხა გერმანიის კანცლერს, როგორ შეწინააღმდეგებოდა „ლიგას“.

სალვინის მტკიცებით, იდეოლოგიურად განსხვავებული ამ ორი პარტიისგან შემდგარი მთავრობა რამდენიმე თვეზე მეტხანს ვერ გაძლებს და ისინი მუდმივად ვერ შეძლებენ ვადამდელი არჩევნების თავიდან აცილებას.

რაც შეეხება კონტეს, იგი აცხადებს, რომ მის მიერ ფორმირებული ახალი მთავრობა სიახლეებსა და რეფორმებზე იქნება ორიენტირებული მოქალაქეთა ცხოვრების დონის გასაუჯობესებლად.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იტალიის ახალ მთავრობას ბრიუსელისგან მხარდაჭერა ექნება და ახალი ბიუჯეტის დამტკიცებაც ისე არ გაუჭირდება, როგორც შარშან. და თუ სწორი მიმართულებით წარმართავს თავის მოღვაწეობას, შესაძლებელია მისი რეიტინგი რეალურადაც გაიზარდოს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close