იტალიაპოლიტიკა

კონტე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად რჩება, იტალიის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კონსულტაციები იწყება

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მიმართვა პოსტის დატოვების თაობაზე, თუმცა სთხოვა მას, დროებით ისევ შეასრულოს პრემიერის მოვალეობა. ინფორმაციას სააგენტო ASSOCIATED PRESS-ი ავრცელებს.

პრეზიდენტმა მატარელამ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს 16:00 საათიდან (რომის დროით) დაიწყება კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციებთან იტალიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

ჯუზეპე კონტეს გადადგომის მიზეზი გახდა უნდობლობის ვოტუმი, რომელიც კონტეს კოალიციურ მთავრობას მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგამ“ გამოუცხადა.

„ლიგას“ სალვინის მეთაურობით ვადამდელი არჩევნების ჩატარება სურს, თუმცა „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ ნიკოლა ძინგარეტის ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციის შექმნას და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას ცდილობს ვადამდელი არჩევნების გარეშე. ორი პარტიის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ამ საკითხზე უკვე გაიმართა. მოქმედ პარლამენტში ამ ორ პარტიას შეუძლია უმრავლესობის შექმნა, თუ კოალიციაზე შეთანხმდებიან, რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეულ მომავალ პარლამენტში კი საეჭვოა ეს შეძლონ – სოციოლოგების თქმით, თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, მემარჯვენე პარტიების კოალიცია გაიმარჯვებს. როგორ განვითარდება მოვლენები და დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს ოქტომბერში, ამ დღეებში გაირკვევა.

სალვინის პროვოკაციული განცხადებით, „ლიგის“ გარდა ყველა პარტიას ეშინია ახალი არჩევნების. იტალიის ვიცე-პრემიერის და შს მინისტრის რეიტინგი 40%-მდეა, შესაბამისად, „ლიგას“ დიდი შანსი აქვს ახალ არჩევნებში გაიმარჯვოს და მთლიანად თავის ხელში აიღოს ქვეყნის მართვის სადავეები. ექსპერტთა თქმით, სალვინი პრემიერ-მინისტრობას უმიზნებს, ხოლო პრეზიდენტად „ფორცა იტალიას“ ლიდერს, სილვიო ბერლუსკონის მოიაზრებს. დაუშვებს თუ არა ამგვარ სცენარს იტალიის პოლიტიკური ელიტა, ამ დღეებში გაირკვევა.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა, დანიშნავს თუ არა სერჯო მატარელა ვადამდელ არჩევნებს?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close