სანტორინი: პატარა სამოთხე საბერძნეთში – 5 ადგილი, რომელთა ნახვასაც გირჩევთ
კუნძული სანტორინი საბერძნეთის ყველაზე პოპულარული კუნძულია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს. ბევრ მოგზაურს, მათ შორის – ქართველებსაც, გამოუქვეყნებია ამ ულამაზესი კუნძულის სურათები უჩეულო თეთრი შენობებითა და ცისფერი გუმბათებით. ამავე დროს, კუნძულზე ბევრი სხვა საინტერესო ადგილიც არსებობს. გამოვყავით ხუთი გამორჩეული ობიექტი, რომელთა ნახვას სანტორინზე ვიზიტისას გირჩევთ.
1. ია (Οία) – ტრადიციული დასახლება კლდეში გამოკვეთილი თეთრი სახლებით. აქ შეგიძლიათ ნახოთ საზღვაო მუზეუმი და ციხესიმაგრე. დასახლება კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ტურისტები აქ საღამოობით მზის ჩასვლის სანახავად იკრიბებიან. ამ დროს ადამიანის წინაშე ჯადოსნური სანახაობა იშლება. უცნაური, ვულკანურ ქანებში გამოკვეთილი სახლები სამშენებლო მასალის ეკონომიის საჭიროებამ ააგებინა ადგილობრივ მცხოვრებლებს. ის, რაც თავის დროზე ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგი იყო, დღეს შემოსავლის წყაროა.
2. კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს კამარის პლაჟი. ხუთი კილომეტრის სიგრძის სანაპირო გამოირჩევა იმით, რომ ქვიშა შავი ფერისაა, რაც საბერძნეთისთვის დიდი იშვიათობაა. 2002 წელს აქ აღმოაჩინეს ანტიკური ტაძრის ნანგრევები, რომელიც მითიური გმირის, აქილევსის სახელობის ყოფილა.
3. სანტორინის ადმინისტრაციული ცენტრი ფირა (Φηρά) – ქალაქი ზღვის დონიდან 250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და საზღვაო პორტთან საბაგირო გზით არის დაკავშირებული. თუკი არსად გეჩქარებათ, საბაგიროთი მგზავრობა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. ფირაში არსებობს რამდენიმე მუზეუმი, ასევე მართლმადიდებლური და კათოლიკური ტაძრები.
4. სოფელი აკროტირი (Ακρωτήρι) – აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. შეგიძლიათ ნახოთ ძველი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნეში სანტორინზე მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული დასახლების ნაშთები. ისტორიის მოყვარულებს შეუძლიათ იხილონ უძველესი დროის უნიკალური არტეფაქტები.
5. სანტორინის ვულკანი – ამ ადგილს ნახულობენ ტურისტები მთელი მსოფლიოდან. კუნძულის ფორმა და მისი ზედაპირის მორფოლოგია სწორედ ვულკანის აქტივობის შედეგია.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები