იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა, დანიშნავს თუ არა სერჯო მატარელა ვადამდელ არჩევნებს?

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მან 20 აგვისტოს პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, რომელზეც იტალიაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.

კონტეს თქმით, იგი პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ ესტუმრება და თავისი გადადგომის შესახებ პირადად აცნობებს იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს თუ ახალი კოალიციის შექმნას შეეცდება.

„ძვირფასო მეგობრებო „5 ვარსკვლავის მოძრაობიდან“, აქ მთავრდება ჩვენი მთავრობის მუშაობა“, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ სენატში გამოსვლისას. მან მკაცრად გააკრიტიკა თავისი მოადგილე, „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი, რომელსაც ოპორტუნისტი უწოდა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. კონტემ თქვა, რომ სალვინი პატივს არ სცემს პარლამენტს და გაიხსენა მისი უარი დეპუტატების წინაშე გამოსვლაზე „ლიგის“ მოსკოვიდან დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ „ლიგის“ და „5 ვარსკვლავის“ კოალიციური მთავრობა ჯუზეპე კონტეს მეთაურობით 2018 წლის ივნისში შეიქმნა. პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ბოლო საპარლამენტო არჩევნები იტალიაში 2018 წლის 4 მარტს გაიმართა.

იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 8 აგვისტოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაურმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ მმართველი პარტია აღარ არსებობს და მთავრობას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ჯუზეპე კონტემ სალვინი პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე წინ დაყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სალვინის მცდელობამ, დაამხოს მთავრობა, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანოს იტალიის ეკონომიკას.

18 აგვისტოს „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ სალვინი არასანდო პარტნიორად მოიხსენია. პარტიამ სხდომა გამართა მის დამაარსებელ ბეპე გრილოს მონაწილეობით ტოსკანის ვილაში და სხდომის შემდეგ ნოტა გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ  სხდომის ყველა მონაწილე სალვინის მიიჩნევს პარტნიორად, რომელიც ნდობას აღარ იწვევს, პირველ რიგში, მისი ქმედებების გამო, რომელიც მიმართულია იქით, რომ სამთავრობო გარდაქმნებს წერტილი დაუსვას, იმ დროიდან, როდესაც 8 აგისტოს მან დაიწყო კრიზისი „მოხიტოსა და ცურვას შორის შესვენების დროს“.

როგორც ცნობილია, 8 აგვისტოს სალვინი თავისი პარტიის ამომრჩევლებს პლაჟზე დასვენების დროს შეხვდა, საცურაო ტრუსებში და მოხიტოს ბოკალით ხელში. „ყველა ამ სამარცხვინო ქმედებამ სალვინისადმი ნდობის დაკარგვა გამოიწვია M5S-ს თვალში“, – ნათქვამია ნოტის ტექსტში.

პარტია „ლიგა“ ამჟამად ცდილობს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მიაღწიოს, რადგან მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერის გათვალისწინებით (თითქმის 40%), შანსი აქვს, რომ ქვეყნის მმართველობას მთლიანად საკუთარ ხელში აიღებს. „5 ვარსკვლავის მორაობამ“ კი  2018 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავის მომხრეთა ნახევარი დაკარგა.

თავად სალვინი იტალიის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის 2 სცენარს ხედავს: პარტია „ლიგა“ მზადაა დაეთანხმოს კოალიციაში თავისი ყოფილი კოლეგების წინადადებას „5 ვარსკვლავის მოძრაობიდან“ და დაამტკიცოს გადაწყვეტილება მომდევნო მოწვევის პარლამენტში დეპუტატების და სენატორების რიცხვის შემცირების თაობაზე, რის შემდეგაც რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება. ამის შესახებ „ლიგის“ ლიდერმა დღეს, 20 აგვისტოს სენატში გამოსვლისას ისაუბრა.

თუ სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიასთან ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გარეშე, „ლიგა“ ამ სცენარისთვისაც მზად არის, თუმცა „ყოფილმა კოლეგებმა „5 ვარსკვლავის მოძრაობიდან“ უნდა აუხსნან თავიან ამომრჩევლებს ასეთი მოულოდნელი ცვლილება“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სალვინიმ.

ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა ამომრჩევლებს შორისაც გამოიწვია დაძაბულობა: 20 მარტს რომის ცენტრში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ლიგის“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ამომრჩევლები, – ამის თაობაზე „ანსა“ იუწყება. მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი განცხადებებით მიმართეს და ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.  მომიტინგეთა დაშოშმინება პოლიციის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ნიკო აბაშიშვილი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close