გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა
ორი პატიმარი, ერთი – საქართველოს მოქალაქე, მეორე – თურქი ეროვნების, კვირას მემინგენის (გერმანია) ციხიდან გაიქცა.
37 წლის ვაჟა ბურჯანაძემ და 36 წლის გიოქჰან გიუნბეიმ, ადგილობრივი მედიის ცნობით, საპატიმროს გალავნის გადალახვა შეძლეს და ფეხით წავიდნენ სარკინიგზო ლიანდაგის მიმართულებით. პოლიციამ ორივე გაქცეულის ფოტოები და ფიზიკური აღწერილობა გამოაქვეყნა.
37 წლის ვაჟა ბურჯანაძეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა აქვს მისჯილი.
გავრცელებული ინფომაციით, ქალაქ მემინგენის საპატიმროდან გაქცეული ორი პატიმრიდან ერთ-ერთი, 37 წლის პირი, ქალაქიდან 30 კილომეტრში დააკავეს. იგი ფეხით გადაადგილდებოდა.
გაქცეულის ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციას მოსახლეობამ შეატყობინა. დაკავებულს საპატიმროში დააბრუნებენ. ამის თაობაზე „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ წერს საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საპატიმროდან გაქცევა გერმანიის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება არ არის და ეს მიდგომა ეფუძნება იდეას, რომ კანონმდებელი აღიარებს ყოველი ადამიანის ლტოლვას თავისუფლებისკენ.
წყარო: „რადიო თავისუფლება“
კომენტარები