სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მეუღლე ძუძუს კიბოსგან განიკურნა

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მეუღლემ ასმა ალ-ასადმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძუძუს კიბოსგან სრულად განიკურნა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის პირველი ლედი ჰყვება, რომ მკურნალობის კურსმა დაღალა. ის მადლობას უხდის ოჯახის წევრებს, რომლებიც მის გვერდით იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ერთი წლის წინ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ და სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნეს ფოტო, სადაც ჩანს, რომ ბაშარ ალ-ასადი თავისი 42 წლის მეუღლის გვერდით ზის ოთახში, რომელიც საავადმყოფოს პალატას ჰგავს. ასმას წვეთოვანი უდგას. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ასმა ალ ასადი სირიის სამხედრო საავადმყოფოში ძუძუს კიბოს მკურნალობის კურსს გადიოდა.

„ეს გზა დასრულდა, ტკივილით, თავისი კარგი და ცუდი მხარეებით. მადლობა ღმერთს, დასრულდა. სრული გამარჯვება მოვიპოვე სიმსივნესთან ბრძოლაში“, – განაცხადა ასმა ალ ასადმა ინტერვიუში.

ასმა ალ ასადს, ოფიციალური ინფორმაციით, სიმსივნე ადრეულ სტადიაზე დაუდგინდა და მკურნალობა 100%-იანი შედეგით დასრულდა.

ყოფილი საინვესტიციო ბანკირი ასმა ალ-ასადი ლონდონში დაიბადა და გაიზარდა სირიულ ოჯახში. იგი ბაშარ ასადს 2000 წელს გაჰყვა ცოლად.

ბაშარ ალ-ასადი თავის მეუღლესთან, ასმასთან ერთად, დამასკო, 2016. ფოტო: SANA/REUTERS
კომენტარები