კაზულისის ვილა – ისტორიული ნაგებობა კიფისიაში, რომლის დანგრევის ნება ხელისუფლებას მოსახლეობამ არ მისცა
დღეს კიფისია ატიკის ოლქის ერთ-ერთი ცნობილი დასახლებაა, სადაც, ძირითადად, მდიდარი ბერძნები ცხოვრობენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი კიფისია თითქმის დაუსახლებელი, ათენის ცენტრიდან საკმაოდ დაშორებული მუნიციპალიტეტი იყო, თუმცა უკვე მაშინ მდიდარმა ბერძნებმა ყურადღება მიაქციეს ფიჭვნარში ჩაფლულ ამ ლამაზ ადგილს და თავიანთი ლამაზი სახლების აგება დაიწყეს.
ვისაც კიფისიაში მგზავრობა უწევს, ადვილად შეამჩნევდა ცენტრალურ მოედანთან მდებარე ყვითელ შენობას, რომელიც ერთი შეხედვით ობსერვატორიას მოგაგონებთ. ეს ნაგებობა 1902 წელს აიგო. მისი მეპატრონე იყო ნიკოლაოს კაზულისი, ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელი ვაჭარი. კაზულისი ქანდაკების მოყვარული იყო, რაც აისახა კიდეც მისი სახლის არქიტექტურაზე.
1915 წელს სახლი მემკვიდრეობით ერგო ნიკოლაოს კაზულისის ქალიშვილს – იოანას, რომელმაც ეზოს დიზაინის მოსაწყობად არქიტექტორი პანაიოტის არისტოფრონასი დაიქირავა. საბოლოოდ ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და დიდებულ სასახლეში ერთად დასახლდნენ. 1932 წელს არისტოფრონასმა სახლს გუმბათი დაადგა. დღეს ეს ნაგებობა სწორედ ამ უზარმაზარი გუმბათით იპყრობს ყურადღებას. შენობა სამსართულიანია და მისი საერთო ფართი 2257 კვ. მეტრს შეადგენს. უცნობია არქიტექტორის ვინაობა, რომელმაც სახლი დააპროექტა და ააგო.
მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა გერმანელებმა თავიანთი ოფიცრების სამკურნალო დაწესებულებად გადააქციეს. იქვე ფუნქციონირებდა გერმანული სამხედრო შტაბი. ნაცისტები ნაგებობის სარდაფში ბერძენ პარტიზანებს აწამებდნენ. გადმოცემის მიხედვით, ეზოში დასაფლავებულია 12 ნაწამები ბერძენი ჯარისკაცი, თუმცა ზუსტი ცნობები ამ ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს.
1949 წელს შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. გარკვეული ხნის განმავლობაში მასში საავადმყოფო იყო განთავსებული. 1970-იანი წლებში ვილა არაერთხელ გამოიყენეს ფილმების გადასაღებ მოედნად. ამ ფილმებში თამაშობდა ცნობილი ბერძენი მსახიობი ალიკი ვუიუკლაკი.
1990 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვილის დანგრევა და მის ადგილზე სავაჭრო ცენტრის აგება გადაწყვიტა. ამ უგუნურ გადაწყვეტილებას აღშფოთებული მოსახლეობა აღუდგა წინ და შენობა გადარჩა. 1996 წელს ნაგებობის რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო. 2001 წელს ვილაში „გარემოსა და მდგრადი განვითარების ეროვნული ცენტრი“ დამკვიდრდა, რომელიც ვილაში საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და გამოფენებს მართავს.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები