ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის ფინალში რუსი ანდრეი რუბლევი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ბასილაშვილმა სამი სეტიდან ორი მოიგო.
მანამდე, 27 ივლისს გამართულ ჰამბურგის ღია პირველობის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი, გერმანელი ზვერევი დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგში შარშან მიღწეული შედეგი გაიმეორა, მეორედ გახდა ATP Hamburg European Open 500-ის გამარჯვებული, 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილი შეინარჩუნა.
ჰამბურგის ღია პირველობის მოგებისთვის პრიზის სახით ბასილაშვილი 354 845 ევროს მიიღებს.
შარშან მას, როგორც ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულს, საჩუქრად ვენტილატორის ფორმის თასი გადასცეს.
წელს კი ახალ ჯილდოს სრულიად განსხვავებული და, ერთი შეხედვით, გაუგებარი დიზაინი აქვს.
თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით, რეალურად კი ამ „გაუგებრობას“ მარტივი ახსნა აქვს: თასის ხაზები იმეორებენ 2018 წლის ფინალური „მატჩ ბოლის“ ტრაექტორიას (ნიკოლოზის ჩაწოდება, მაიერის მიერ ბურთის მიღება, ნიკოლოზის დარტყმა და მაიერის აუტში გაშვებული ბურთი), რომელიც გერმანელებმა გრაფიკულად ასახეს და ძალიან ორიგინალური თასი შექმნეს. ჰამბურგის ტურნირის ოფიციალური ლოგოც „მატჩ ბოლის“ იმავე ტრაექტორიის გამოსახულებაა.
კომენტარები