მალაიზიაში ახალდაბადებული ორთავიანი კუ იპოვეს
მალაის არქიპელაგის კუნძულ მაბულზე ბუნებისდამცველებმა ახალდაბადებული ორთავიანი კუ იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მეცნიერების თქმით, სამეცნიერო ცენტრის ინკუბატორში დაბადებულ 13 ათას კუს შორის ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბიოლოგ დევიდ მაკანის თქმით, კუ „ძალიან საყვარელი იყო“, მისი თითოეული თავი გარემოზე დამოუკიდებლად რეაგირებდა და სუნთქავდა: „ეს ნამდვილი საოცრებაა. როგორც ჩანს, მარჯვენა თავი წინა მარჯვენა ფეხს, მარცხენა კი წინა მარცხენა ფეხს აკონტროლებს. ამასთან ერთად, თავებს ცურვისას და გადაადგილებისას მოძრაობის ჰარმონიულად კოორდინირება შეუძლიათ“.
მეცნიერებაში ასეთ მოვლენას დიცეფალია ჰქვია, როდესაც ტყუპს ერთი ტანი და ორი თავი აქვს.
სამწუხაროდ, მალაიზიელმა პატარა საოცრებამ აღმოჩენიდან მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ვეტერინარ სენ ნათანის თქმით, მას ისედაც არ ჰქონდა ველურ ბუნებაში გადარჩენის შანსი, „არწივი დაიჭერდა, რადგან კარგად ცურვა არ შეეძლო“.
ეს ორთავიანი კუს პოვნის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2014 წელს მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან კუნძულზე ორთავიანი კუ იპოვეს, რომელმაც 3 თვეს იცოცხლა.
წყარო: thehindu.com
კომენტარები