იტალიაში ხანძრის განზრახ გაჩენის გამო მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა
იტალიაში ხანძრის განზრახ გაჩენის გამო ფლორენცია-რომის სარკინიგზო ხაზზე, ყველაზე მნიშვნელოვან და დატვირთულ ჩქაროსნულ სარკინიგზო მაგისტრალზე, მიმოსვლა რამდენიმე საათით შეფერხდა. შემთხვევა ორშაბათს, 22 ივლისს მოხდა. ამის შესახებ ILPOST.IT იუწყება.
ცეცხლი ორშაბათს დილის 5 საათისკენ გაჩნდა როვეცანოს სადგურზე, რომი-ფლორენციის მატარებელთან ახლოს. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად დაზიანებულ კაბელებს 50-მდე სპეციალისტი სამი საათის განმავლობაში აკეთებდა, შემდეგ კი სამართალდამცველებს დასჭირდათ დრო, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაეტარებინათ.
დაზარალდა ათასობით ადამიანი, დაახლოებით 10 საათის განმავლობაში იყო შეჩერებული მატარებლების მოძრაობა, ათობით მატარებლის რეისი გადაიდო. დღეს მოძრაობა თანდათან აღდგა, თუმცა ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება და მიზეზების დადგენა გრძელდება.
გამოცემის ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო რეკონსტრუქცია ასეთია: ორშაბათს, დილის 4:50 საათზე ერთი ან რამდენიმე ადამიანი მივიდა როვეცანოს სადგურზე იმ ადგილას, სადაც კამერები არ არის, გახსნა ორი ბეტონის ორმო, რომლებშიც კაბელებია მოთავსებული (ამ კაბელების საშუალებით გადაეცემა მონაცემები მატარებლების უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად) და შიგ ბენზინი ჩაასხა. მათ იგივე გააკეთეს მეორე ორმოშიც, შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს, რის გამოც მომდევნო რამდენიმე წამის განმავლობაში სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეწყდა.
როგორც იტალიის სარკინიგზო მიმოსვლის სააგენტო იუწყება, თავდასხმა შესაძლოა ადგილობრივი ანარქისტების ჯგუფმა განახორციელა, რომელთა წინააღმდეგაც ფლორენციაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა სააგენტო „ანსა“ წერს, რომ გამოძიებამ ტერორისტული აქტის მიმართულებითაც უნდა იმუშაოს.
მომხდარს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი გამოეხმაურა ტვიტერის პოსტით, რომელშიც პირობას დებს, რომ დამნაშავეები დაუსჯელები არ დარჩებიან.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები